ალუდა ღუდუშაური - „ევროპულმა საქართველომ“ იმდენი მოახერხა, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთი კაცის პარტიად
„ევროპულმა საქართველომ“ იმდენი მოახერხა, რომ როგორც იქნა, საბოლოოდ გადაიქცა და ჩამოყალიბდა ერთი კაცის პარტიად. ამდენად, „ევროპულ საქართველოში“ არის მძიმე პროცესები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალი ჯგუფების ძალისხმევა მიმართული იყო, რომ „ევროპული საქართველო“ ერთი კაცის პარტიად გადაქცეულიყო.
„პრაქტიკულად, ეს პარტია დაშლილია და ამ პარტიაში რადიკალი ჯგუფების მთელი ძალისხმევა, როგორც ვხედავთ მიმართული იყო იქით, რომ როგორმე ეს პარტია გადაქცეულიყო ერთი კაცის პარტიად. ამდენად, შეთანხმებას თუ არ აწერს ბატონი ბოკერია ხელს, ეს არაფერს უშლის ხელს, რომ ბატონმა ნაკაიძემ საქმიანობა პარლამენტში გააგრძელოს. „ევროპული საქართველო“ პრაქტიკულად აღარ არსებობს და შესაბამისად, რაც აღარ არსებობს შეთანხმებას ვერც გაემიჯნება. „ევროპული საქართველო“ ბატონი მიშელის დოკუმენტს კი არა ყველას და ყველაფერს გამიჯნულია“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
„ევროპულმა საქართველომ“ 18 მაისს განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. „ევროპულ საქართველოს“ პარლამენტის ხუთი მანდატი ჰქონდა. მათი პარტიული სიიდან, დავით ბაქრაძე, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე უკვე შევიდნენ პარლამენტში. გუშინ პარტია დატოვა და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო ტარიელ ნაკაიძემაც. პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა ელენე ხოშტარიამ.