ალუდა ღუდუშაური - ევროკავშირის დროშა ვინც ჩამოხსნა, ისინი მტრობენ „ქართულ ოცნებას“, მტრობენ ქვეყანას და ცდილობენ, ასეთი პროვოკაციებით ჩირქი მოსცხონ „ქართულ ოცნებასა“ და სახელმწიფოს
ალუდა ღუდუშაური - ევროკავშირის დროშა ვინც ჩამოხსნა, ისინი მტრობენ „ქართულ ოცნებას“, მტრობენ ქვეყანას და ცდილობენ, ასეთი პროვოკაციებით ჩირქი მოსცხონ „ქართულ ოცნებასა“ და სახელმწიფოს

ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, ჩვენთვის მიუღებელია და ვემიჯნებით, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა გუშინ გამართული აქციის კომენტირებისას.

„ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში ჩავწერეთ ის ურყევი ნება, რომელიც გამოხატა ქართველმა ხალხმა. ეს არის ევროკავშირი და ნატო-სკენ სწრაფვა, ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ინტეგრაცია. ამიტომ ისრების გადატანა „ქართული ოცნებისკენ“ არის უსუსური მცდელობა. ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, ჩვენთვის მიუღებელია და ვემიჯნებით“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ამასთან, ალუდა ღუდუშაურმა მადლობა გადაუხადა შსს-სა და პოლიციელებს.

„მადლობა შსს-ს, მადლობა ქართველ პოლიციელებს. თქვენ ხედავდით, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები როგორ ეფარებოდნენ ჟურნალისტებს და იცავდნენ თქვენს უსაფრთხოებას, იცავდნენ იმის უსაფრთხოებას, რაც არის დემოკრატის ერთ-ერთი საზომი. თუ არ იქნება საკმარისი რეაგირება, თუ დარჩება ძალადობრივი ქმედებები რეაგირების გარეშე, თქვენთან ერთად ვიქნები, როგორც კითხვის ფორმატში, ასევე მოვითხოვ, მკაცრ რეაგირებას. ხედავთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ვგმობთ ძალადობას და ეს არის სამარცხვინო საქციელი, ამაზე უნდა მოხდეს დროული ადეკვატური რეაგირება; იმ შემთხვევაში, თუ გავა დრო და არ იქნება ადეკვატური რეაგირება, ჩვენ ვიქნებით კრიტიკული, მოვითხოვთ ყველა ასეთ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას. ჩემი სოლიდარობა თქვენ მიმართ. ეს არის უაღრესად სამარცხვინო საქციელი, როდესაც ათი ადამიანი ესხმის თავს ჟურნალისტსა და ოპერატორს. ეს არ არის არც ვაჟკაცობის გამოვლინება, არც ღირსების დაცვა, არამედ უაღრესად მდაბიო საქციელი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ღუდუშაურმა კომენტარი გააკეთა „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მიერ გვიან ღამით პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასთან დაკავშირებით.

„ეს ვინც გააკეთა და საერთოდ ასეთი ფაქტების ჩამდენი პირები არიან „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეები; ძალიან მარტივი მიზეზია – ვინც ამას აკეთებს, მათ უნდათ, ყველაფერი დაბრალდეს „ქართულ ოცნებას“. ამიტომ ამის ჩამდენი პირები მტრობენ „ქართულ ოცნებას“. ამავდროულად, მტრობენ ჩვენს ქვეყანას და ცდილობენ, ასეთი პროვოკაციული ქმედებებით ჩირქი მოსცხონ „ქართულ ოცნებას“ და სახელმწიფოს. ვერც ერთი ასეთი სამარცხვინო საქციელი ჩრდილს ვერ მიაყენებს ვერც ქართულ სახელმწიფოს, ვერც „ქართულ ოცნებას“ და ჩვენი დასავლური სწრაფვა არის შეუქცევადი. ეს არის ქართველი ხალხის ურყევი ნება და ყველა ასეთ ფაქტზე იქნება ადეკვატური რეაგირება“, – აცხადებს ღუდუშაური.

დეპუტატის თქმით, პოლიცია აკეთებდა და გააკეთებს ყველაფერს, რომ ნებისმიერი პირის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული.

„მეორე მხრივ, იყოს მისი ქმედებები ადეკვატური ძალის მატარებელი. პოლიცია ვერ დაბრუნდება იმ წლებში, როდესაც ადამიანებს უსწორდებოდნენ უმოწყალოდ და თქვენ გახსოვთ ეს პერიოდი, ამიტომ ქართველმა ხალხმა ამ პერიოდზე თქვა უარი. პოლიციას უნდა მივცეთ საშუალება, მოახდინოს დროული რეაგირება“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.