ალუდა ღუდუშაური - ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ არჩევნები საქართველოში ჩატარდება მაშინ, როცა ამას ქართული კანონმდებლობა და კონსტიტუცია ითვალისწინებს
ალუდა ღუდუშაური - ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ არჩევნები საქართველოში ჩატარდება მაშინ, როცა ამას ქართული კანონმდებლობა და კონსტიტუცია ითვალისწინებს

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადება ოპონენტმა მხარემ განსაკუთრებით ყურად უნდა იღოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„დღეს გაკეთდა ბატონი ბორელის განცხადება, რომელიც ოპონენტმა მხარემ ყურად უნდა იღოს. ბატონმა ბორელმა ბრძანა, რომ არჩევნები საქართველოში ჩატარდება მაშინ, როცა ამას ქართული კანონმდებლობა და კონსტიტუცია ითვალისწინებს. ანუ, ბატონმა ბორელმა პირდაპირ თქვა, ჩვენი საქმე არ არის, საქართველოში არჩევნები როდის ჩატარდებაო. როდესაც ბატონი ბორელი ამ განცხადებას აკეთებდა, მან მოიშველია NDI-ის განცხადება, შეფასება და ანგარიში. ასევე – IRI-ის შეფასებები. ოპონენეტებს თვალთახედვის მიღმა ასევე არ უნდა დარჩეთ ბატონი ბორელის განცხადება, სადაც მან ბრძანა, რომ არ შეიძლება, ოპოზიციამ ობსტრუქცია მოუწყოს პარლამენტს და საპარლამენტო საქმიანობა ქუჩაში გადაიტანოს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

მისი თქმით, დღეს, ქართულმა საზოგადოებამ მორიგ ჯერზე, ნათლად იხილა ევროპელი პარტნიორების მიერ არჩევნების და ზოგადად, საქართველოს მიღწევების შეფასება. 

„დღეს ვიხილეთ შეფასება მიღწევების, რომელსაც საქართველო და მისი ხელისუფლება განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო აუმჯობესებს და აღწევს იმ ნიშნულს, რომლის საბოლოო მიზანი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის დიდ ევროპულ ოჯახში დაბრუნება“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, ესმის ოპონენტების წუხილი, რადგან არჩევნებზე არ დადგა ის შედეგი, რასაც ისინი ისურვებდნენ, მაგრამ ეს არის მისი უდიდებულესობა, ქართველი ხალხის არჩევანი, რომელსაც ოპოზიცია არასათანადოდ აფასებს.

„თუმცა, ჩვენი საზოგადოება და მთელი საერთაშორისო საზოგადოება ნათლად აფასებს იმას, რომ საქართველოში 2020 წლის არჩევნები ჩატარდა სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ღუდუშაურმა დებატებში მონაწილე „ლელოს“ წევრის, საბა ბუაძის განცხადებასაც უპასუხა, სადაც გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მისცა თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრს არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ევროკავშირის მაღალი ტრიბუნიდან განცხადების გაკეთების საშუალება იმ ატმოსფერომ, რომელიც მას საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობიდან გამომდინარე იქ დახვდა, საბა ბუაძემ აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ატმოსფერო სახეზე ეტყობოდა.

„ამათ თურმე, ბატონი ღარიბაშვილის სახეზე ამოუკითხავთ ასეთი ფორმულირება, რომ მას იქ არსებული ატმოსფერო სახეზე ეტყობოდა. თუ ასეთი ნიჭი გაქვთ, რომ ასე სახეზე კითხულობთ, ხომ ვერ მეტყვით, ბატონ ბორელს რა ეწერა სახეზე? მე არ ვიცი, თქვენ რა ამოიკითხეთ ბატონი ბორელის სახეზე, მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ და მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ამოიკითხა ის, რაც მან ბრძანა. გულისყურით მარტო მიმიკებს კი ნუ დააკვირდებით, მოუსმინეთ კიდეც. ჩვენ რომ არ გვისმენთ და საზოგადოებას არ უსმენთ, გავიგეთ, არახალია და ასეთი შედეგებიც ამიტომ გაქვთ არჩევნებზე, მაგრამ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მაინც მოუსმინეთ, რას ამბობენ“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საბა ბუაძემ აღნიშნა, რომ ჯოზეფ ბორელს სახეზე ძალიან დიდი იმედგაცრუება ეწერა.

ღუდუშაურმა დებატებში მონაწილე „ლელოს“ წევრს, საბა ბუაძეს მოუწოდა, კოლეგებთან ერთად პარლამენტში შევიდნენ და უმრავლესობას საქმიანი ხედვები საკანონმდებლო ორგანოში შესთავაზონ.

„თქვენ პარლამენტში შემოსვლა არ გნებავთ და გგონიათ, საკანონმდებლო პროცესს ქუჩაში წარმართავთ. პარლამენტში არის ცარიელი ადგილები, რომელიც თქვენთვის არის განკუთვნილი. კეთილი ინებეთ, შემობრძანდით და საქმიანი ხედვები იქ შემოგვთავაზეთ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.