ალუდა ღუდუშაური - ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება რადიკალური ნაბიჯები და პიკეტირება, მზად ვართ, დიალოგი გავაგრძელოთ, სამწუხაროდ, ოპონენტები დეესკალაციის ნაცვლად, ქუჩაში ინაცვლებენ
ალუდა ღუდუშაური - ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება რადიკალური ნაბიჯები და პიკეტირება, მზად ვართ, დიალოგი გავაგრძელოთ, სამწუხაროდ, ოპონენტები დეესკალაციის ნაცვლად, ქუჩაში ინაცვლებენ

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლები, ვითარების დეესკალაციისთვის ორივე მხარის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.

მისივე თქმით, ხელისუფლება მოლაპარაკებისთვის მზადაა და ვითარების დეესკალაციისთვის ყველაფერს აკეთებს.

თუმცა, ღუდუშაურის განმარტებით, ოპონენტები ქუჩაში ინაცვლებენ და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების პიკეტირებას აანონსებენ.

„სიტუაციის დეესკალაციაზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლები ორივე მხარის პასუხისმგებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ხელისუფლება და სახელმწიფო ამისთვის ყველაფერს აკეთებს. მოლაპარაკებისთვის მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდიდან ჩვენ არ ავმდგარვართ. დღესაც მზად ვართ, დიალოგი გავაგრძელოთ, თუ მათ ამის სურვილი აქვთ. თუმცა, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ამის პარალელურად, დეესკალაციის ნაცვლად, ჩვენი ოპონენტები ქუჩაში ინაცვლებენ და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების პიკეტირებას აანონსებენ და მიდიან ისეთი რადიკალური ნაბიჯებისკენ, რომელიც ხელს არ უწყობს სიტუაციის დეესკალაციას“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ღუდუშაურის განმარტებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება ყურადსაღებია ოპონენტებისთვისაც.

„დღეს ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება რადიკალური ნაბიჯები და ქუჩის პიკეტირებები. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ერთად დასხდომა, საკითხის ცივილიზებულად გადაწყვეტა. თუნდაც ის, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანოში ჩვენი ოპონენტებისთვის განკუთვნილ ცარიელ ადგილებს ვხედავთ,  რბილად რომ ვთქვათ, ეს მათი მხრიდან შეცდომაა და ხელს არ უწყობს ქვეყნის წინსვლას, განვითარებას. მოლაპარაკება არ გულისხმობს ულტიმატუმებისა და პირობების იმდაგვარად დაყენებას, როდესაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ულტიმატუმების ენით საუბარი გვესმის. მოლაპარაკება გულისხმობს საკითხების ცივილიზებულად გადაწყვეტას, მაგიდასთან დასხდომას, და არა ულტიმატუმის ენით ხისტი პოზიციის დაფიქსირებას“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ, რათა მოხდეს სიტუაციის განეიტრალება.