ალუდა ღუდუშაური – ამ საარჩევნო რეფორმით საქართველოს ევროპული სტილის კანონმდებლობა ექნება

14:32, 22.05.2021

ამ საარჩევნო რეფორმით საქართველოს ევროპული სტილის კანონმდებლობა ექნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მიერ თამარ ჟვანიას მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებზე.

ღუდუშაურის განცხადებით, ოპოზიციას მათი ბრალდებების დამტკიცება საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობით შეუძლია.

„საარჩევნო კანონმდებლობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. კანონპროექტი, რომელიც იხილება, არის უაღრესად პროგრესული, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ამ კანონპროექტის სახით ნამდვილად ევროპული სტილის საარჩევნო კანონმდებლობა ექნება საქართველოს. რაც შეეხება ოპოზიციას და ქალბატონ ნაცვლიშვილს, გუშინ საკომიტეტო მოსმენა იყო, სადაც მან განაცხადა, რომ ნამდვილად დადებითია ის კანონპროექტები, რომელსაც ვიხილავთ, თუმცა ამის მიუხედავად, თავი შეიკავა მხარდაჭერისგან.

ოპოზიცია ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ საუბრის იქით ვერ მიდის და მხოლოდ ცარიელი სიტყვებით შემოიფარგლება. ოპოზიციას თუ სურს, რომ თამარ ჟვანიას მისამართით მათი გამოთქმული კრიტიკა, პრეტენზია იყოს დასაბუთებული, ამისთვის აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ჩაერთონ საგამოძიებო კომისიაში, იქ დაამტკიცონ, რატომ არ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა ქალბატონმა ჟვანიამ, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. სხვა შემთხვევაში, მათი ნებისმიერი პრეტენზია, რომელიც არის ჰაერიდან მოტანილი და ცარიელი სიტყვები, ძალიან კომიკურ და უხერხულ მდგომარეობაში აყენებს უპირველეს ყოვლისა ოპოზიციას“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

მსგავსი