„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი – გერმანიის მთავრობა უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართული დონალდ ტრამპის ძალისხმევის საბოტაჟს ახდენს

13:24, 17.09.2025

გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერის, ალის ვაიდელის განცხადებით, გერმანიის მთავრობა უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართული დონალდ ტრამპის ძალისხმევის საბოტაჟს ახდენს.

ამის შესახებ ალის ვაიდელმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას თქვა.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა მკაცრად გააკრიტიკა ქვეყნის კანცლერის შიდა და საგარეო პოლიტიკა.

მისი თქმით, „ქვეყნის მოქალაქეებს მოთმინება იწურება“.

„თქვენ დონალდ ტრამპის მისწრაფების საბოტაჟს ახდენთ, რომელიც უკრაინაში ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისკენაა მიმართული“, – განაცხადა ალის ვაიდელმა.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა ე.წ. მსურველთა კოალიციას, რომელიც სამხედრო მხარდაჭერას უწევს უკრაინას, „წარუმატებელთა კოალიცია“ უწოდა.

მისივე თქმით, „გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი თავს წარმოაჩენს გლობალურ ლიდერად საფრანგეთის პრეზიდენტთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად“, რომელთა „მმართველობაში ყოფნა“, ვაიდელის თქმით, „საკუთარ ხალხსაც აღარ სურს“.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერის თქმით, ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ წევრები ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებენ, შეეწინააღმდეგოს დათმობებს და მუდმივად საუბრობენ რუსული თავდასხმის საშიშროებაზე, რითიც ამართლებენ სამხედრო ხარჯების ზრდას.

პარლამენტში გამოსვლისას ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა ასევე მოუწოდა გერმანიის მთავრობას, მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა გაატაროს და „სრულად ჩაკეტოს საზღვრები“.

„უარი თქვით არალეგალი მიგრანტების მიღებაზე, რომლებსაც ვალიდური დოკუმენტები არ აქვთ და იმ პირების შემოშვებაზე, რომლებსაც არ აქვთ თავშესაფრის მიღების უფლება. ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭება უნდა ხდებოდეს, სულ მცირე, 10 წლის შემდეგ“, – განაცხადა ალის ვაიდელმა ბუნდესტაგში გამოსვლისას.

ცნობისთვის, 17 სექტემბერს გერმანულმა მედიამ გაავრცელა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგებში პირველად უსწრებს ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან დემოკრატიულ კავშირს“. კვლევა ინსტიტუტმა „იუგოვმა“ ჩაატარა. მათი მონაცემებით, გერმანიაში არჩევნები უახლოეს დღეებში რომ ჩატარდეს, გამოკითხულთა 27% ხმას მისცემს პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ხოლო გერმანიის მმართველ კონსერვატიულ ბლოკს – 26%.

მსგავსი