„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრიდრიხ მერცს ცილისწამებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კანცლერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს

14:46, 11.09.2026

ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადებას, რომ პარტიის მიერ გამოყენებული ტერმინი „რემიგრაცია“ ეთნიკური წმენდის სინონიმია, ცილისწამებად მიიჩნევს.

მერცმა განაცხადა, რომ ეს სიტყვა „წარმოშობისა და კანის ფერის მიხედვით ეთნიკური წმენდაა და სხვა არაფერი“.

გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აცხადებს, რომ კანცლერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის ფედერალურ პარლამენტში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის ფრაქციის განცხადებაში, რომელიც მის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.

პარტიის ფრაქციის საპარლამენტო მდივნის, შტეფან ბრანდნერის განცხადებით, მერცის განცხადებებს „სისხლისსამართლებრივი მნიშვნელობა აქვს“ და ისინი „აბსოლუტურად მიუღებელია“. მისი თქმით, პარტია მტკიცედ იცავს გერმანიის ძირითადი კანონის დებულებებს და მიიჩნევს, რომ საქმე ეხება „ცილისმწამებლურ შეურაცხყოფას“, რომელიც მიმართულია „არა მხოლოდ ფრაქციის თითოეული წევრის, არამედ, საბოლოო ჯამში, მილიონობით მოქალაქის წინააღმდეგაც“.

მანამდე გერმანიის ბუნდესტაგმა თავად ბრანდნერს კიდევ ერთხელ მოუხსნა დეპუტატის იმუნიტეტი, რითაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებას გზა გაუხსნა.

საქმე შეურაცხყოფას ეხება. ბრანდნერისთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილება გერმანიის პარლამენტმა 2024 წელსაც მიიღო.

ულტრამემარჯვენე პარტიის სამართალდამცავ ორგანოებში მიმართვის მიზეზი გახდა მერცის გამოსვლა გერმანიის ფედერალურ პარლამენტში, სადაც კანცლერმა საქსონია-ანჰალტის მიწის არჩევნებში პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე ისაუბრა.

თავის გამოსვლაში მერცმა განაცხადა, რომ სიტყვა „რემიგრაცია“, რომელსაც „ალტერნატივა გერმანიისთვის” იყენებს, სხვა არაფერია, თუ არა „წარმოშობისა და კანის ფერის მიხედვით ეთნიკური წმენდის“ სინონიმი.

ტერმინი „რემიგრაცია“ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 2024 წელს, გამოცემა Correctiv-ის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ. მაშინ ჟურნალისტებმა გამოააშკარავეს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის მაღალჩინოსანი პოლიტიკოსებისა და ნეონაცისტების საიდუმლო შეხვედრა. შეხვედრაზე ე.წ. რემიგრაციის გენერალურ გეგმას განიხილავდნენ, რომლის მიხედვითაც, გერმანიიდან უცხოელების, მათ შორის სხვა ქვეყნებიდან წარმომავლობის გერმანიის მოქალაქეების, მასობრივი დეპორტაცია იგეგმებოდა.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ სკანდალურ ტერმინს არ ემიჯნება. 2025 წლის გერმანიის ფედერალური პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს პარტიის წევრები აქტიურად უჭერდნენ მხარს „რემიგრაციას”. ამასთან დაკავშირებით, 2026 წლის ივნისის შუა რიცხვებში ბავარიის სასამართლომ კანონიერად მიიჩნია პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ სახელმწიფო ზედამხედველობის დანიშვნა.

სასამართლოს შეფასებით, პარტიის წარმომადგენლების განცხადებები „რემიგრაციის“ შესახებ დასაშვები კრიტიკის ფარგლებს სცდება.

მსგავსი