აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ქვემსუბუქ (bantamweight) წონით დივიზიონში 6 ივნისს ძალიან საინტერესო ბრძოლა შედგება. მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელი და დივიზიონის ნომერ მეორე მებრძოლი ალჯამეინ სტერლინგი, რეიტინგის მეოთხე ათლეტ კორი სანდჰაგენს დაუპირისპირდება.
თავდაპირველად, სტერლინგისა და სანდჰაგენის დაპირისპირება მაისში, სან დიეგოში იყო ჩანიშნული, თუმცა კორონავირუსის გამო ორგანიზაციის გეგმები თავდაყირა დადგა.
ამჟამად, რეალობა ასეთია – მებრძოლები 6 ივნისს შეხვდებიან ერთმანეთს და ბრძოლაში გამარჯვებული მომდევნო დაპირისპირებას ტიტულისთვის გამართავს.
ალჯამეინ სტერლინგს ბოლო ოთხი ბრძოლა აქვს მოგებული. მან შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა პედრო მუნიოზთან და ჯიმი რივერასთან. რაც შეეხება სანდჰაგენს, მას UFC-ში ჯერჯერობით მარცხი არ განუცდია. კორიმ ხუთივე ჩატარებული ბრძოლა მოიგო და დაამარცხა ისეთი მეტოქეები, როგორებიც არიან რაფაელ ასუნსაო და ჯონ ლინეკერი.
ალჯამეინ სტერლინგი ბრძოლისთვის ნიუ იორკში ემზადება. საქართველოს პირველი არხი მას დაუკავშირდა და რამდენიმე საინტერესო კითხვა დაუსვა.
6 ივნისს ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა გელის. მეტოქეც ძალიან სერიოზულია, თუმცა ყველა ელოდა, რომ შენ მომდევნო ბრძოლას პეტრ იანთან, ვაკანტური ქამრისთვის ჩაატარებდი. იქნება თუ არა სანდჰაგენთან გამარჯვება სატიტულო ბრძოლისთვის საკმარისი?
როგორც იცით, ხელზე სულ ცოტა ხნის წინ ოპერაცია გავიკეთე და ამის გამო გარკვეული პერიოდი გამიცდა. აქედან გამომდინარე, ჩემი გეგმა რეაბილიტაციის შემდეგ ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლის მოგება იყო, სანამ ტიტულისთვის ვიჩხუბებ. როდესაც ჰენრი სეხუდომ უკანასკნელი გამარჯვების შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება, იყო შესაძლებლობა, რომ ქამრისთვის ბრძოლა უფრო ადრე ჩამეტარებინა, თუმცა UFC-ის ამასთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვს. ამ ეტაპზე, ორგანიზაციას სწორედ ჩემი და სანდჰაგენის დაპირისპირების გამართვა სურს. მე საქმეში ვბრუნდები.
რას იტყვოდი კორი სანდჰაგენზე? მის რომელ ძლიერ მხარეს გამოარჩევდი და როგორ გეგმავ მის დამარცხებას?
სანდჰაგენი არ არის გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი ათლეტი, თუმცა მე დივიზიონის ყველა მებრძოლზე ვფლობ ინფორმაციას და მინდა გითხრათ, რომ ის ძალიან ძლიერი სპორტსმენია. მისი დამარცხება საკმაოდ რთული ამოცანაა. მან ორ ძალიან ძლიერ მეტოქეს მოუგო (ასუნსაო და ლინეკერი). ვაპირებ, რომ ის დგომში, დარტყმების უპირატესობით დავამარცხო.
როგორ პირობებში გიწევდა ვარჯიში პანდემიის ფონზე და როგორ ფორმაში ხვდები სანდჰაგენთან დაპირისპირებას?
ბრძოლისთვის ჩემს უძლიერეს გუნდთან ერთად ვემზადები. ყველა ჩემი მეგობარი მებრძოლი მეხმარებოდა ოპტიმალურ ფორმაში შესასვლელად ამ მართლაც რომ ძალიან საშიშ და უჩვეულო დროს. მერაბი, იაკუინტა, ნაზი და სტივი. ძალიან კარგ ფორმაში ვარ და სანდჰაგებს ნამდვილ ჯოჯოხეთს ვპირდები.
იმ შემთხვევაში თუ სანდჰაგენის დამარცხებას მოახერხებ, მომდევნო ბრძოლას ტიტულისთვის გამართავ?
როდესაც სანდჰაგენს დავამარცხებ, ყველა კითხვას პასუხს გავცემ და კრიტიკოსებს ხმის ამოღების საშუალებას არ მივცემ! ამ გამარჯვების შემდეგ ერთი ადამიანიც ვერ მოიძებნება ვინც იტყვის, რომ სატიტულო ბრძოლას არ ვიმსახურებ. ჩემთვის სულ ერთია შემდგომ ვინ იქნება მეტოქე – იანი, მორაესი თუ სეხუდო. ყველას დასამარცხებლად მზად ვარ.
რას იტყვოდი ჰენრი სეხუდოს მიერ კარიერის დასრულებაზე? როგორ ფიქრობ, ის ნამდვილად აღარ აპირებს ბრძოლას?
შესაძლოა ჰენრის უფრო სოლიდური კონტრაქტი და ჰონორარი სურს. ან შეიძლება ის დაიღალა წონის კლებით და ოჯახთან ერთად ყოფნა უნდა. მეც ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ბევრი საჭმელი მივირთვა, აქედან გამომდინარე მესმის მისი (იცინის). თუ სეხუდომ დაბრუნება გადაწყვიტა, იმედი მაქვს, რომ მას ჩემპიონის რანგში დავუპირისპირდები.