ალჯამეინ სტერლინგი 6 ივნისს კორი სანდჰაგენის წინააღმდეგ იბრძოლებს
ალჯამეინ სტერლინგი 6 ივნისს კორი სანდჰაგენის წინააღმდეგ იბრძოლებს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ქვემსუბუქ (bantamweight) წონით დივიზიონში 6 ივნისს საკმაოდ საინტერესო ბრძოლა შედგება. მერაბ დვალშვილის თანაგუნდელი და დივიზიონის ნომერ მეორე მებრძოლი ალჯამეინ სტერლინგი რეიტინგის მეოთხე ათლეტ კორი სანდჰაგენს დაუპირისპირდება. აღნიშნული ინფორმაცია უკვე არაერთმა სააგენტომ დაადასტურა.

თავდაპირველად, სტერლინგისა და სანდჰაგენის დაპირისპირება მაისში, სან დიეგოში იყო ჩანიშნული, თუმცა კორონავირუსის გამო გეგმები თავდაყირა დადგა.

ამჟამად კი რეალობა ასეთია, მებრძოლები 6 ივნისს შეხვდებიან ერთმანეთს და დიდი ალბათობით ამ ბრძოლაში გამარჯვებული მომდევნო დაპირისპირებას ტიტულისთვის გამართავს.

ალჯამეინ სტერლინგს ბოლო ოთხი ბრძოლა აქვს მოგებული. მან შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა პედრო მუნიოზთან და ჯიმი რივერასთან. რაც შეეხება სანდჰაგენს, მას UFC-ში ჯერჯერობით მარცხი არ განუცდია. კორიმ ხუთივე ჩატარებული ბრძოლა მოიგო და დაამარცხა ისეთი მეტოქეები, როგორებიც არიან რაფაელ ასუნსაო და ჯონ ლინეკერი.

ამავე დღეს შედგება სატიტულო ბრძოლა ამანდა ნუნესსა და ფელიცია სპენსერს შორის.