ალი ასადოვი - საუკუნეების განმავლობაში აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის მეგობრულ, მშვიდობიან პირობებში ცხოვრებას საფუძველს უქმნის ისტორიულ ფესვებზე დამყარებული კულტურული ურთიერთობები
ალი ასადოვი - საუკუნეების განმავლობაში აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის მეგობრულ, მშვიდობიან პირობებში ცხოვრებას საფუძველს უქმნის ისტორიულ ფესვებზე დამყარებული კულტურული ურთიერთობები

საუკუნეების განმავლობაში აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის მეგობრულ, კეთილმეზობლურ, მშვიდობიან და ურთიერთგაგების პირობებში ცხოვრებას საფუძველს უქმნის სწორედ ისტორიულ ფესვებზე დამყარებული კულტურული ურთიერთობები, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც აზერბაიჯანში, ისე საქართველოში, ისტორიულად, ორი მეგობარი ხალხის ეროვნულ ღირებულებებს, კულტურას, ენას, რელიგიას, ხელოვნებას, ლიტერატურას დიდ პატივს სცემენ და განსაკუთრებულად უყვართ.

„აზერბაიჯანის რამდენიმე სახელგანთქმული მოღვაწე, დიდი პიროვნებები საქართველოში მოღვაწეობდნენ და სიცოცხლის ბოლომდე აქ იმყოფებოდნენ. ასევე, საქართველოს კულტურისა და ხელოვნების არაერთი წარმომადგენელი აზერბაიჯანში საქმიანობდა, მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში. ამ ყველაფრის ისტორიულ დასტურად, ჯერ კიდევ 1872 წელს ქალაქ თბილისში თბილისის სახელმწიფო პროფესიული აზერბაიჯანული დრამატული თეატრის საქმიანობის დაწყებას აღვნიშნავდი. თეატრის გრძელვადიანი საქმიანობის განმავლობაში ქართული, აზერბაიჯანული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსთა უკვდავი ნაწარმოებები დიდი წარმატებით იდგმებოდა“, – აღნიშნა ასადოვმა.

მისივე განცხადებით, აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის თანამედროვე სტილში გამოცოცხლება ისტორიული მოვლენაა.

„ქალაქ თბილისში, ასეთ ლამაზ კუთხეში, თეატრის ახალი შენობის აშენებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას დიდად ვაფასებთ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საერთო ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საქართველოსადმი თბილ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით გაგიზიაროთ რამდენიმე ნიუანსი. ჰეიდარ ალიევს აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის დროს მეზობელ ქვეყნებთან ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. რაც შეეხება საქართველოს, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. ხელმძღვანელობის პერიოდში ჰეიდარ ალიევი საქართველოსა და ქართველ ხალხს დიდ პატივს სცემდა, განსაკუთრებული ყურადღებითა და სიყვარულით უდგებოდა.

ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ჰეიდარ ალიევს საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტთან, ედუარდ შევარდნაძესთან ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ძლიერი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. სწორედ მათი ლიდერობის მეშვეობით, ქვეყანათა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ-ჰუმანიტარულ და სხვა დანარჩენ სფეროში ურთიერთობათა განვითარებას საფუძველი ჩაეყარა. ორივე ლიდერის პოლიტიკური კარიერა გამოირჩეოდა უნიკალურობით და ცნობილია მსგავსი ისტორიული პროცესებით. ასე რომ, მათ მეორედ, ხალხის მოთხოვნით, უკვე დამოუკიდებელი ქვეყნების მეთაურებად გააგრძელეს პოლიტიკური მოღვაწეობა. მათი მეთაურობის დროს, სხვა სფეროების პარალელურად, ისინი თავიანთი ხალხის ეროვნულ ღირებულებებს, ენას, რელიგიას, კულტურას, ხელოვნებას, მუსიკას დიდ ყურადღებას აქცევდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ ამ მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის. მინდა, ისიც აღვნიშნო, რომ ჰეიდარ ალიევი ქართული ხელოვნების, კულტურის, ლიტერატურის, მუსიკის, კინოს დიდი თაყვანისმცემელი იყო.

ახლა პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ მდიდარ ისტორიულ ტრადიციას აგრძელებენ და დემოკრატიული გზით ავითარებენ ჩვენს დამოუკიდებელ ქვეყანათა ეროვნულ ინტერესებს.იმედი მაქვს, დღეს მშენებარე თეატრის პროფესიონალი კოლექტივი შესანიშნავად გამოიყენებს აქ შექმნილ პირობებს, ახალი პროექტებით ქალაქ თბილისის კულტურულ ცხოვრებაში დიდ წვლილს შეიტანს. ეს კი, თავის მხრივ, აზერბაიჯანისა და საქართველოს კეთილმეზობლურ, მეგობრულ და ძმურ ურთიერთობებს უფრო გააძლიერებს და კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ხალხს“, – განაცხადა ალი ასადოვმა.

ასადოვის თქმით, დარწმუნებულია, რომ თეატრი ქალაქ თბილისს, სადაც, მისივე განცხადებით, ისტორიისა და თანამედროვეობის იდეალური ჰარმონიაა, უფრო გაალამაზებს და საქართველოს დედაქალაქის კულტურულ კერად გადაიქცევა.

„აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ ჰეიდარ ალიევის სახელობის ამ კულტურის კერის ახალი შენობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია სწორედ მიმდინარე წელს – აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის დაბადების 100 წლის იუბილეს − ემთხვევა. ჰეიდარ ალიევის შესანიშნავ იუბილესთან დაკავშირებით საქართველოშიც არაერთი ღონისძიება ჩატარდა. საერთო ეროვნული ლიდერის ხსოვნისადმი ასეთი დიდი პატივისცემის გამო ჩემი და აზერბაიჯანის მთავრობის სახელით ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს მადლობა, მინდა, გადავუხადო.

მინდა, ერთი ნიუანსიც აღვნიშნო, აზერბაიჯანში, როგორც ყოველთვის, საქართველოს დიდებული პიროვნებები დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობენ. ასე რომ, ამ დღეებში აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქში, განჯაში, ცნობილი ქართველი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა იმ შენობის წინ, სადაც ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ამასთან, აზერბაიჯანის კახის რაიონში მოქმედი ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრი დიდი ქართველი მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის სახელს ატარებს და შესაბამისი წესით ოფიციალური სახე მიენიჭა.

კიდევ ერთხელ მადლობა ყველას ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის და გილოცავთ დღევანდელ ისტორიულ მოვლენას. მადლობა საქართველოს მთავრობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით გუშინ მონაწილეობა მივიღეთ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“. მინდა, პრემიერ-მინისტრს და ორგანიზატორებს მაღალი დონის სტუმართმოყვარეობისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, მისი ორგანიზებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისთვის არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობდა“, – განაცხადა ალი ასადოვმა.