ალექსი გონჩარენკო - ჩვენი ღირებულებები დღეს 77 მილიონ ევროდ გავყიდეთ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინელმა დეპუტატმა, ალექსი გონჩარენკომ ორგანიზაცია ღირებულებების გაყიდვაში დაადანაშაულა.
„კოლეგებო, დღეს ვაჭრობის დღე გვაქვს, დიდი ფასდაკლება – ყველა ჩვენი ღირებულება 77 მილიონ ევროდ, დემოკრატია – 25-ად, ადამიანთა უფლებები – 25 მილიონად. შეგვიძლია, სხვანაირადაც ვიანგარიშოთ. ევროპის საბჭომ მილიონობით გული დაკარგა, უკრაინელების გულები, ქართველების, ესტონელების, ბრიტანელების.
თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ რუსი ხალხისთვის, რათა დავიცვათ ისინი. მაშინ, შემოთავაზება მაქვს, მოდით, მოვიწვიოთ სირია აქ, რათა დავეხმაროთ. უმჯობესია, ასადი აქ გვყავდეს, ვიდრე გარეთ. რუსეთის წარმომადგენელი ტოლსტოი გვეუბნება, რომ რუსეთი ხელგაშლილი ერია. ჩვენ ზუსტად ვიცით, თუ რა არის თქვენს გაშლილ ხელში – „ნოვიჩოკი“, „ბუკისა“ და „გრადის“ რაკეტები და შემდეგში, როცა პუტინი კიდევ მოკლავს ხალხს, ეს თქვენ ხელებზე იქნება“, – განაცხადა ალექსი გონჩარენკომ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შეზღუდვების გარეშე რუსეთის ორგანიზაციაში დაბრუნების შესახებ რეზოლუცია დღეს დაამტკიცა. „ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნების საპასუხოდ, საქართველოს, უკრაინის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის დელეგაციებმა დემარში გამოაცხადეს.