ალექსეი რეზნიკოვი - ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე ნათელი გახდება უკრაინის ალიანსში მიღების საკითხი
ალექსეი რეზნიკოვი - ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე ნათელი გახდება უკრაინის ალიანსში მიღების საკითხი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, კიევი ელოდება, რომ ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე ნათელი გახდება ქვეყნის ალიანსში მიღების საკითხი. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

როგორც რეზნიკოვი ამბობს, ახლა უკრაინა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის როლშია და იცავს დემოკრატიულ, ცივილიზებულ ევროპას ბარბაროსული რუსეთისგან, ხოლო უკრაინისთვის ევროპის დაცვა არ არის მხოლოდ აბსტრაქტული კონცეფცია.

„ალიანსის წევრ ქვეყნებთან მუშაობის წყალობით, ჩვენ უკვე მივაღწიეთ შთამბეჭდავ შედეგებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ უკვე შევაგროვეთ იარაღისა და აღჭურვილობის წარმოუდგენლად მრავალფეროვანი არსენალი, ავაშენეთ ლოგისტიკური მარშრუტები ნატო-ს ქვეყნებიდან ჩვენამდე, რაც უპრეცედენტო სირთულის მარშრუტებია. ნატო-ს ქვეყნებში მოვაწყვეთ სასწავლო პროგრამები და მომავალში გავაძლიერებთ თანამშრომლობას“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, ახლა მთელი ქვეყანა ელოდება სიცხადეს, თუ როდის და როგორ გახდება უკრაინა ალიანსის სრულუფლებიანი წევრი.

„უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ, რათა მიაღწიონ მაქსიმალურ თავსებადობას ალიანსის წევრ ქვეყნებთან, რაც ნატო-ს სტანდარტების დანერგვას გულისხმობს“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.