ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინა ყველა ძალისხმევას მიმართავს კონტრშეტევის მოსამზადებლად
ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინა ყველა ძალისხმევას მიმართავს კონტრშეტევის მოსამზადებლად

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინა ყველა ძალისხმევას მიმართავს კონტრშეტევის მოსამზადებლად.

მისი თქმით, უკრაინის ძალები გადადიან ომის ახალ ეტაპზე, რომლის ამოცანაა რუსეთის აგრესიის დამარცხება და უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ძალების გაძევება.

„იქნება კონტრშეტევა. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ მის მოსამზადებლად და უზრუნველსაყოფად. რამდენიმე დღეში უკრაინა შეხვდება გაზაფხულს, რომელის წართმევასაც კრემლი ცდილობდა. ჩვენ არ გავიყინეთ, ჩვენ გავკაჟდით. ჩვენ არ შეგვეშინდა სიბნელის. ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ მივალთ გამარჯვებამდე“, – აღნიშნავს რეზიკოვი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რეზნიკოვის თქმით, ერთი წლის წინ უკრაინისთვის რთული იყო სერიოზული იარაღის მიღება, ახლა კი დასავლური ქვეყნები ხედავენ, რომ უკრაინა აღმოსავლეთით ევროპის ფარია.

„ახლა ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე. ახალი ამოცანით – გავიმარჯვოთ. ერთი წლის წინ ბევრი ელოდა, რომ უკრაინა რამდენიმე კვირაში აღარ იქნებოდა. ყველაფერი შეიცვალა. დღეს დღის წესრიგის ძირითადი საკითხია, როგორი იქნება უკრაინის გამარჯვება? პასუხი მარტივია. გამარჯვება – ეს არის ჩვენი ყველა ტერიტორიის გათავისუფლება 1991 წლის საზღვრებამდე და რუსეთის მხრიდან საფრთხის ლიკვიდაცია. გამარჯვება – ეს არის, როდესაც უკრაინა იქნება სუვერენული და დამოუკიდებელი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, წარმატებული, მდიდარი და ძლიერი. რუსეთი კი ამჟამინდელი სახით არ იქნება. არ იქნება მოსკოვის ტერორისტული რეჟიმი, რომელიც ლაპარაკობს „ძმობაზე“ და ამავე დროს გენოციდს ჩადის, ლაპარაკობს „გათავისუფლებაზე“ და მთელ ქალაქებს შლის პირისაგან მიწისა“, – წერს რეზნიკოვი.