ალექსეი ნავალნის ორგანიზაციამ ვლადიმერ პუტინის ქონების შესახებ საგამოძიებო ფილმი გამოაქვეყნა
ალექსეი ნავალნის ორგანიზაციამ ვლადიმერ პუტინის ქონების შესახებ საგამოძიებო ფილმი გამოაქვეყნა

დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდმა” რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქონების შესახებ საგამოძიებო ფილმი გამოაქვეყნა.

გამოძიების ავტორების მტკიცებით, ვლადიმერ პუტინი შავი ზღვის სანაპიროზე 100 მილიარდი რუბლის ღირებულების სასახლეს ფლობს, რომლის მშენებლობა და შენახვა ორი სახელმწიფო კომპანიის „როსნეფტისა“ და „ტრანსნეფტის“ ხარჯზე ხდება.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის მტკიცებით, იდოკოპასის კონცხზე მდებარე შენობის ფართობი 17 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება. გამოძიების ავტორთა ინფორმაციით, ეს რუსეთში ყველაზე დიდი სახლია. მის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია ყინულის სასახლე, ეკლესია, ორანჟერეა, ზღვაზე გამავალი გვირაბი. შენობის გარშემო ტერიტორიის ფართობი შვიდი ათასი ჰექტარია და ის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს ეკუთვნის. შენობის თავზე არასაფრენი ზონაა. ნავალნის გუნდის ცნობით, სასახლის პერსონალს ტერიტორიაზე მობილური ტელეფონების შეტანა ეკრძალებათ.

თითქმის ორსაათიანი საგამოძიებო ფილმი „პუტინის სასახლე. მსოფლიოს ყველაზე დიდი ქრთამის ისტორია“ 19 იანვარს ალექსეი ნავალნის „იუთუბის“ არხზე გამოქვეყნდა და მას უკვე ოთხ მილიონზე ნახვა აქვს. ვიდეოში წარმოდგენილია სასახლის სურათები და შენობის გეგმის სამგანზომილებიანი ვიზუალიზაცია.

როგორც ვიდეოს აღწერაშია აღნიშნული, ნავალნიმ ვიდეო რუსეთში ჩასვლის წინ ჩაწერა და გეგმის მიხედვით, ის ოპოზიციონერის რუსეთში დაბრუნების შემდეგ უნდა გამოქვეყნებულიყო.

პუტინის სასახლის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია რუსულ მედიაში 2010 წელს გავრცელდა. მაშინ კრემლმა აღნიშნული ცნობები უარყო.

კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი იდოკოპასის კონცხზე პუტინის რეზიდენციის არსებობას უარყოფს.

„გამოძიებას არ ვიცნობ, თუმცა შემიძლია, ახლავე გითხრათ, რომ ეს ძველი სიმღერაა. მრავალი წლის წინ ჩვენ უკვე განვმარტეთ, რომ პუტინს გელენჯიკში არანაირი სასახლე არ აქვს“, – განუცხადა პეკსოვმა რუსულ მედიას.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნის გუნდის წევრები მხარდამჭერებს შაბათს საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისას, შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს და 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

დატოვე კომენტარი