ალექსეი ნავალნის მეუღლე პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ალექსეი ნავალნის მეუღლე პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რუს ოპოზიონერ ალექსეი ნავალნის საუბარი უჭირს და წონაში დაიკლო. ამის შესახებ მისი ცოლი იულია ნავალნაია ციხეში პოლიტიკოსის მონახულების შემდეგ, სოციალურ ქსელში წერს.

ალექსეი ნავალნიმ შესაბამის სამედიცინო შემოწმების მოთხოვნით შიმშილობა მარტის ბოლოს გამოაცხადა. პოლიტიკოსი ზურგისა და ფეხის არეში ტკივილს უჩიოდა.

იულია ნავალნაია წერს, რომ მისი ქმარი 190 სანტიმეტრის სიმაღლისაა და 76 კილოგრამს იწონის.

„მასთან ექიმს მაინც არ უშვებენ. არადა, ეს ხომ ნებისმიერი ადამიანის სრულიად კანონიერი მოთხოვნაა… არასდროს მინახავს, რომ კანი ასე ეკვროდეს თავის ქალას, თუმცა ის დანებებას მაინც არ აპირებს“, – წერს იულია ნავალნაია.

ალექსეი ნავალნია იანვარში გერმანიიდან მოსკოვში ჩასვლისას დააპატიმრეს. თებერვალში მას „ივ როშეს“ საქმეზე გამოტანილი პირობითი განაჩენი რეალურით შეუცვალეს და 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.