ალექსეი ნავალნის ადვოკატებმა სასამართლოს დადგენილება გაასაჯაროეს, სადაც ნათქვამია, რომ ნავალნის გუნდის მიზანი რუსეთის მთლიანობისთვის ძირის გამოთხრა იყო
ალექსეი ნავალნის ადვოკატებმა სასამართლოს დადგენილება გაასაჯაროეს, სადაც ნათქვამია, რომ ნავალნის გუნდის მიზანი რუსეთის მთლიანობისთვის ძირის გამოთხრა იყო

ალექსეი ნავალნის ადვოკატთა გუნდმა სასამართლოს 9 ივნისის დადგენილების სრული ვერსია გაასაჯაროა, რომელშიც მისი პოლიტიკური ქსელი უკანონოდ და „ექსტრემისტულად“ არის მოხსენიებული.

დადგენილების მიხედვით, ორგანიზაცია მოუწოდებს ხალხს პროტესტისკენ, რაც „ზიანს აყენებს საზოგადოებრივ წესრიგს, უსაფრთხოებას და ცალკეული პირებისა და კომპანიების ინტერესებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

სასამართლოს აზრით, ასეთი საპროტესტო აქციები არღვევს რუსეთის მოქალაქეთა თავისუფლებასა და უფლებებს.

16-გვერდიანი დოკუმენტის შესწავლის შემდეგ, ადვოკატთა გუნდი აცხადებს, რომ დადგენილებაში ნავალნის ორგანიზაციის ექსტრემიზმთან დაკავშირებით მაგალითები მოყვანილი არ არის, ნახსენებია მხოლოდ 2019 და 2021 წლებში ჩატარებული სამი აქცია.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ნავალნის გუნდი მიზნად ისახავდა სოციალური უთანხმოების გაღვივებას და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და რუსეთის ფედერაციის მთლიანობისთვის ძირის გამოთხრას, ასევე კონსტიტუციური წესრიგის ძალისმიერად დარღვევის პროვოცირებას.