ალექსეი ნავალნი სასჯელაღასრულების დაწესებულების კოლონიის სამედიცინო-სანიტარულ ნაწილში გადაიყვანეს
ალექსეი ნავალნი სასჯელაღასრულების დაწესებულების კოლონიის სამედიცინო-სანიტარულ ნაწილში გადაიყვანეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პოკროვის დასახლებაში, კოლონიის სამედიცინო-სანიტარულ ნაწილში გადაიყვანეს. შესაბამის ინფორმაციას რუსული გამოცემა „იზვესტია“ ავრცელებს.

მანამდე, სოციალურ ქსელებში პოლიტიკოსის გვერდებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნის რესპირატორული დაავადების ნიშნები ჰქონდა, მათ შორის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ხველა.

სოციალურ ქსელებში განთავსებული ცნობით, კოლონიაში ალექსეი ნავალნის განყოფილებაში რამდენიმე ადამიანი ტუბერკულოზით არის ჰოსპიტალიზებული.

ალექსეი ნავალნის ადვოკატი ოლგა მიხაილოვა აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის სამედიცინო-სანიტარულ ნაწილში გადაყვანის შესახებ მედიიდან შეიტყო.

31 მარტს ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა გამოაცხადა და მასთან მიწვეული ექიმის შეშვება მოითხოვა. მანამდე, ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ აცხადებდა.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს მოსკოვში გერმანიიდან ჩასვლისას დააკავეს.