ალექსეი ნავალნი პუტინზე - იმ ბაბუს ბუნკერში იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს
ალექსეი ნავალნი პუტინზე - იმ ბაბუს ბუნკერში იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს

ის, რაც ახლა პოლიციის განყოფილებაში ხდება, უმაღლესი დონის უკანონობაა, – ეს განცხადება რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ მოსკოვთან ახლოს მდებარე ხიმკის პოლიციის განყოფილებაში გააკეთა. ალექსეი ნავალნის ვიდეომიმართვას მისი პრესმდივანი კირა იარმიში „ტვიტერში“ ავრცელებს.

„არ ვიცი, რა ხდება. ვინ არის ეს ხალხი? რატომ იმართება სასამართლოს სხდომა პოლიციაში? ამას უწოდებენ ხიმკის სასამართლოს ღია სხდომას, რომელზეც ჩემი დაპატიმრების საკითხი განიხილება, პოლიციის განყოფილების უფროსის შუამდგომლობით? რატომ არავინ ჩააყენეს საქმის კურსში? რატომ არ მომცეს დოკუმენტი? მე მართლმსაჯულების ბევრი დაცინვა მინახავს, მაგრამ ახლა ალბათ „იმ ბაბუას პუნკერში“ იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს. ეს უმაღლესი დონის უკანონობაა“, – აცხადებს ნავალნი.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 17 იანვარს დააკავეს. რუსული მედიის ცნობით, ახლა მისი სასამართლო პროცესი იმართება, სადაც აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის საკითხი განიხილება. სხდომა პოლიციის განყოფილებაში იმართება.