ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღებით, რუსეთმა თავისი დეკოლონიზაციის პროცესი წამოიწყო
ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღებით, რუსეთმა თავისი დეკოლონიზაციის პროცესი წამოიწყო

უკრაინის ეროვნული უსაფრხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღებით, რუსეთმა წამოიწყო თავისი დეკოლონიზაციის პროცესი. ამის შესახებ დანილოვმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

როგორც უკრაინის ეროვნული უსაფრხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი წერს, 24 თებერვალი არის რუსეთის გეოპოლიტიკური კატასტროფის უდიდესი დღე: პოსტსაბჭოთა სივრცის საბოლოო დესტრუქციის და რუსეთის კვაზიფედერაციიის დეკოლონიზაციის პროცესის დაწყება.

დანილოვის აზრით, დაწყებულია დსთ-ს წევრ ქვეყნებზე რუსეთის დომინანტი გავლენის დაკარგვის მექანიზმი.  მისივე განმარტებით, რუსეთმა აჩვენა, რომ ის პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის სახელმწიფო არსებობისთვის რეალურ და უშუალო საფრთხეს წარმოადგენს.

როგორც ის აღნიშნავს, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებმა დაიწყეს თავიანთი სტრატეგიული საგარეო პოლიტიკური ვექტორის გადაორიენტირება რუსეთიდან სხვა სახელმწიფოებზე – თურქეთზე, ევროკავშირზე, ჩინეთზე, რომლებსაც შეუძლიათ, იყვნენ მათი უსაფრთხოების გარანტორები პოსტიმპერიალისტური რეციდივებისგან.

გარდა ამისა, დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის შემადგენლობაში დროებით შემავალი რესპუბლიკები და ერები დგებიან თავიანთი კოლონიალური სტატუსის გაცნობიერების გზაზე.

როგორც უკრაინის ეროვნული უსაფრხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი წერს, ყალიბდება ყველა აუცილებელი წინაპირობა „რუსეთის ფედერალური კვაზიგაერთიანების ფრაგმენტაციისთვის, ძალადობაზე აშენებული მართვის სისტემის დანგრევისთვის, საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობის აქტიური აქციებისთვის და კრემლის ხელისუფლების წინააღმდეგ ნაციონალური რესპუბლიკების და ერების განმანთავისუფლებელი მოძრაობის დასაწყებად“.

დანილოვის თქმით, მთელი დემოკრატიული მსოფლო უნდა დაეხმაროს ნაციონალურ რესპუბლიკებს და ერებს, გათავისუფლდნენ რუსეთის ფედერაციის კოლონიალური ჩაგვრისგან, რათა მათ შეძლონ დამოუკიდებლობის, თვითგამორკვევის და გამოყოფის უფლებების რეალიზება.

„ერების თავისუფლება არის რუსეთის სრული დეკოლონიზაცია. რუსეთის დეკოლონიზაცია, დერუსიფიკაცია და დენუკლეარიზაცია. უკრაინის შეიარაღებული ძალები კი დაეხმარება რუსეთის დამპალი და შხამიანი იმპერიული კბილების ამოძრობაში“, – წერს დანილოვი.