ალექსეი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ ომში გამარჯვებას სულ მცირე რამდენიმე თვე დასჭირდება
ალექსეი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ ომში გამარჯვებას სულ მცირე რამდენიმე თვე დასჭირდება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ ომში გამარჯვებას სულ მცირე რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის შესახებ მან იუთუბარხ „ფეიგინ ლაივის“ ეთერში განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მინდა, გაიგოთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ. რუსული „სპეცოპერაცია“ ჩვენ უკვე დავამარცხეთ. ომში გამარჯვება კი ჯერ წინ არის. ის ხანგრძლივი იქნება, მინიმუმ რამდენიმე თვე“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლის თქმით „შეიცვალა ტემპი, შეიცვალა მიმდინარე მოვლენების ლოგიკა, ხერხები, ბრძოლის მეთოდები“.

არესტოვიჩის თქმით, საჭიროა ომში გამარჯვება ოთხ ფრონტზე – სამხედრო, დიპლომატიურ, საინფორმაციო და ეკონომიკურ ფრონტებზე.

„საქმე აღარ ეხება, „ვინ უფრო მეტ თვითმფრინავს ჩამოაგდებს“ ან „ვინ გაანადგურებს საჰაერო დესანტს“. საქმე ეხება, ვინ გაიმარჯვებს დიპლომატიურ მოედნებზე, სასანქციო მოედნებზე, ვინ გაიმარჯვებს საინფორმაციო დაპირისპირებაში დასავლეთთან და ა.შ. რუსული შესაძლებლობები ჯერ კიდევ აღემატება ჩვენსას: ფინანსური თვალსაზრისით და ასე შემდეგ“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.