ალექსეი არესტოვიჩი - კორუფციის ასეთი დონე უკრაინაში არასდროს ყოფილა, თუ ჩვენი ხელისუფლება ფიქრობს, რომ დასავლეთში ამის შესახებ არაფერი იციან, ძალიან ცდებიან
ალექსეი არესტოვიჩი - კორუფციის ასეთი დონე უკრაინაში არასდროს ყოფილა, თუ ჩვენი ხელისუფლება ფიქრობს, რომ დასავლეთში ამის შესახებ არაფერი იციან, ძალიან ცდებიან

შეხედეთ დასავლური პრესის პუბლიკაციებს უკრაინის შესახებ – კორუფცია, კორუფცია, კორუფცია. თუ ჩვენი ხელისუფლება ფიქრობს, რომ დასავლეთში არაფერი იციან ამის შესახებ, ძალიან ცდებიან, მათ ყველაფერი იციან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინელ ჟურნალისტთან, დმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც არესტოვიჩი აცხადებს, „კორუფციის ასეთი დონე უკრაინაში არასდროს ყოფილა“.

„რა თქმა უნდა, ქურდობის ბაკქანალიაა, რომელიც ჩვენთან ხდება, კორუფციის ასეთი დონე უკრაინაში არასდროს ყოფილა ქვეყნის ისტორიაში. განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც იპარავენ ამერიკულ ფულს… ანუ ამერიკელები გვეუბნებიან: თქვენ ჩვენ გვიყვებით სიცოცხლისთვის ბრძოლის შესახებ და ჩვენ გაძლევთ ფულს, თქვენ კი ამ ფულს იპარავთ. რა რეაქცია უნდა ჰქონდეთ ამერიკელებს ამაზე? ისინი გვიგზავნიან რეფორმების ჩამონათვალს, რომლებმაც უნდა გამოასწოროს ვითარება. ასევე, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ფრონტზე მომარაგების საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული ანტიკორუფციულ ქმედებებთან. შიდა ამერიკული პოლიტიკური დაპირისპირებაც რომ არ ყოფილიყო, რაც დაკავშირებულია არჩევნებთან და აშშ-ში კი ახლა, პრაქტიკულად, იდეოლოგიური სამოქალაქო ომია. მათ ერთმანეთი ეზიზღებათ, ისინი დაყოფილები არიან. დაყოფილები არიან როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკელებიც. ღმერთმა უწყის, რა ხდება. ვგულისხმობ არა დაპირისპირებას ქუჩებში, არამედ პოლიტიკურ ასპარეზზე ბრძოლას. უკრაინა არის სამი მთავარი თემიდან ერთ-ერთი. მაგალითად, არსებობს ხალხი, რომელმაც გამოუცხადა იმპიჩმენტი პრეზიდენტ ბაიდენს და ამის მიღწევა სურთ. ეს ხალხი ავლებს ხაზს ავღანეთიდან უკრაინამდე და ამბობენ, რომ ავღანეთში სახსრების არეფექტურმა ხარჯვამ, როდესაც ფულს უბრალოდ იპარავდნენ და უნარი არ ჰქონდათ, განეხორციელებინათ რეფორმები ქვეყანაში, მიგვიყვანა, რომ აშშ-მა უზარმაზარი სახსრები დახარჯა ავღანეთში და შემდეგ სამარცხვინოდ მოგვიხდა ევაკუაცია, როდესაც ხალხი თვითმფრინავს ეკიდებოდა. ეს ხალხი ამბობს, რომ უკრაინაშიც იგივე ისტორიაა. ისინი იპარავენ უამრავ ფულს და არაეფექტურად ხარჯავენ, რადგანაც გვანახეთ მაშინ თქვენი კონტრშეტევის შედეგი, რომლისთვის ასე დიდხანს ვემზადებოდით.

გასაგებია, რომ ეს ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ, გაზვიადებულია, განსაკუთრებით, კონტრშეტევის კუთხით, მაგრამ ამას დიდი გამოხმაურება აქვს ამერიკელებში, რომელთა ნაწილი ტრავმირებულია ერაყისა და ავღანეთის ისტორიების გამო. ამას გარდა, არსებობს „ბურისმას“ თემა. არსებობს ბრალდება ჰანთერ ბაიდენის და მისი ოჯახის მიმართ და ეს ხალხი ამ ორ ხაზს აერთიანებს ერთ მთავარ ნარატივად და ამას აქვს დიდი გამოხმაურება.

თან უნდა ითქვას, რომ ჯერ უკრაინაში კორუფციის შესახებ სერიოზული პუბლიკაციები არ ყოფილა, იყო მხოლოდ მინიშნებები. წარმოიდგინეთ, როცა სერიოზული პუბლიკაციები გაჩნდება. და ეს აუცილებლად მოხდება, რადგანაც ეს არის შიდა ამერიკული პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი. მერე გაჩნდება კითხვა: როგორ უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს ასე არ არის? რომ ჩვენ ეფექტურად ვებრძვით კორუფციას და რომ ჩვენი იარაღით მომარაგება უნდა გაგრძელდეს?“ – განაცხადა არესტოვიჩმა.