მოლდოვის პრემიერი - როგორც მოქალაქე, რუმინეთთან გაერთიანების მომხრე ვარ, როგორც პრემიერ-მინისტრი კი, ვალდებული ვარ, შევასრულო ამომრჩევლის ნება
მოლდოვის პრემიერი - როგორც მოქალაქე, რუმინეთთან გაერთიანების მომხრე ვარ, როგორც პრემიერ-მინისტრი კი, ვალდებული ვარ, შევასრულო ამომრჩევლის ნება

როგორც მოქალაქე, მე რუმინეთთან გაერთიანების მომხრე ვარ და როგორც პრემიერ-მინისტრი კი, ვალდებული ვარ, შევასრულო მოლდოველი ამომრჩევლის ნება, – ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრუ მუნტეანუმ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ქვეყნის მთავრობის მეთაური, აპირებს, მიჰყვეს მოქალაქეთა უმრავლესობის სურვილს, რომლებმაც ხმა მისცეს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას.

„როგორც მოქალაქე, ალექსანდრუ მუნტეანუ მხარს დაუჭერდა რუმინეთთან გაერთიანებას. მაგრამ როგორც მოლდოვის პრემიერ-მინისტრი, ვალდებული ვარ, შევასრულო ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის ნება, რომლებმაც უკვე სამჯერ მისცეს ხმა იმას, რომ მოლდოვის სტრატეგიული მიზანია ევროკავშირში ინტეგრაცია. მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც ამ მიზნის მისაღწევად არის საჭირო“, – განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მუნტეანუმ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მოლდოვისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ქვეყნის უსაფრთხოებაა.

„მე მჯერა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მშვიდობიანად ვიცხოვროთ, რადგან ჩვენ გვერდით ომი მიმდინარეობს, უკრაინაში, ჩვენი საზღვრებიდან არც ისე შორს, დრონები ცვივა. მე ნამდვილად მინდა, მოლდოვამ მშვიდობიანად იცხოვროს“, – თქვა მუნტეანუმ.

ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა.

„ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც მოლდოვაა, უფრო და უფრო რთული ხდება, გადარჩეს, როგორც სუვერენული ქვეყანა“, – განაცხადა სანდუმ.