ალექსანდრე რაქვიაშვილი - ყველას სურს, თავისი ადამიანი ჩასვას ეროვნულ ბანკში პრეზიდენტად, სინამდვილეში, თანამდებობებისთვის ბრძოლაა და პრინციპული ცვლილებები არ ხდება
ყველას სურს, თავისი ადამიანი ჩასვას ეროვნულ ბანკში პრეზიდენტად, სინამდვილეში, თანამდებობებისთვის ბრძოლაა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული კანონპროექტით პრინციპული ცვლილებების მიღება არ ხდება.
„თავისთავად, ვეტოს დაძლევა კიდევ ერთი ეპიზოდია შიდა ბრძოლის, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის დაპირისპირების. ყველას უნდა, თავისი ადამიანი ჩასვას ეროვნულ ბანკში პრეზიდენტად. ვინაიდან მთავრობის სასურველი კანდიდატი, ლაშა ხუციშვილი ვერ ხდება პრეზიდენტი, არის დამატებითი გეგმა, რომ რაღაცნაირად ნათია თურნავა გახდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ეს არის მთელი ამბის ნაწილი. არ მგონია, ამის გამო ჩვენი მოსახლეობა უკეთესად გრძნობდეს თავს, ინფლაცია დაბალი იყოს ან ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი. სინამდვილეში, უბრალოდ თანამდებობებისთვის ბრძოლაა. არ გამოვრიცხავ, თეორიულად ეროვნული ბანკში რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს, მაგრამ პრინციპული ცვლილებები არ ხდება, რადგან ისევ იგივე ინსტიტუცია რჩება იმავე ხალხით, საბჭოთი და იმავე პოლიტიკური მიზნით.
საბოლოო ჯამში, არსებობს სამი დიდი ჯგუფი: ბანკები, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელშიც მთავრობაც მოიაზრება და სხვადასხვა ბიზნესთან დაახლოებული ინტერესთა ჯგუფები. ეს სამი ჯგუფი ახლა ერთმანეთთან ვაჭრობს. საბოლოო ჯამში, ეს „ქართული ოცნების“ შიდა ამბავია, ვიდრე „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირება. პრეზიდენტი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი კონკრეტულ პოზიციას იკავებენ, მიუხედავად მათი განზრახვებისა. ამ შემთხვევაში კონკრეტულ მხარეს არიან“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.