ალექსანდრე რაქვიაშვილი - „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ გაერთიანება მალე დაიშლება, შემდეგ რაღაც ახალს მოიგონებენ, რომ პოლიტიკურ ველზე გადარჩნენ  
ალექსანდრე რაქვიაშვილი - „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ გაერთიანება მალე დაიშლება, შემდეგ რაღაც ახალს მოიგონებენ, რომ პოლიტიკურ ველზე გადარჩნენ  

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უიდეო გაერთიანება ჩვენს თანამედროვე პოლიტიკაში. ძალიან უჭირთ, აქტუალურები იყვნენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებელის“, „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ მიერ „ნაციონალური მოძრაობაში“ გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველზე მუშაობს.

„ყველა მათი წინა აქტივობა უკვე დავიწყებულია და ახლა ცდილობენ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანდნენ, რაც ბუნებრივია, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველზე უფრო მუშაობენ, ვიდრე სხვა ამომრჩეველზე. იქიდან გამომდინარე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი ახლა ძალიან აქტიურად განიხილება მედიაში, ასე ცდილობდნენ პოლიტიკაში დარჩენას. ასეთი ქცევა მოსალოდნელი იყო, მაგრამ არ ველოდები, რომ მათი მხრიდან რაიმე საინტერესო მოქმედება და გადაწყვეტილებები იქნება მომავალში. სიტყვიერ დონეზე რადიკალიზმის სურვილი იქნება, მაგრამ არ მჯერა, რომ ამომრჩეველი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე რადიკალური ამომრჩეველი, მათ რადიკალიზმს დაიჯერებს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა„გირჩი“ მათთან, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ ვიდრე გულწრფელ საუბარს არ დაიწყებენ, რაიმე სახის თანამშრომლობაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება.

„ეს ხალხი ვიდრე გულწრფელ ლაპარაკს არ დაიწყებს, რა უნდათ და როგორ იქცევიან, რაიმე თანამშრომლობაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება. თუნდაც საარჩევნო კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფებში ახლა რომ ირკვევა, ვაშაძის მხრიდან პირდაპირ ტყუილი იყო ნათქვამი. ეს ადამიანები პირველები არიან, რომლებიც საუბარს გაურბიან, ოღონდ სიტყვიერ დონეზე სულ ამბობენ, რომ საუბრისთვის მზად არიან. ასეთი არაგულწრფელი პოზიცია ვიდრე დარჩება, ეჭვი მეპარება, ვინმესთან, თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა გამოუვიდეთ. ეჭვი მეპარება, რომ„ქართულ ოცნებას“ ამ ხალხისგან რაღაც ახალი მტრის ხატის დახატვა გამოუვა. მათ არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აქვთ განსაკუთრებული მხარდაჭერა, არც დანარჩენ ოპოზიციაში, უბრალოდ, რაღაც პერიოდი გააგრძელებენ ამ რადიკალური განცხადებების გაკეთებას იმის იმედად, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის გულს მოიგებენ. დროებითი ამბავია და ეს გაერთიანება მალევე დაიშლება. შემდეგ რაღაც ახალს მოიგონებენ, რომ პოლიტიკურ ველზე გადარჩნენ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.