ალექსანდრე რაქვიაშვილი - რეალურად, ახლა, ამ მომენტისთვის, ჩვენ გარდა პოლიტიკური პარტიები აღარ არსებობენ, ბოლო დღეები, ან ბოლო კვირებია მათი არსებობის, ასეთი განცდა მაქვს
თუ ამბობ, „ქართული ოცნება“ უნდა დაემხოსო, მინიმუმ, ამ აქციაზე უნდა იყო, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ზუსტად ამაში მდგომარეობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ეს ჟურნალისტმა უნდა მოსთხოვოს, მოტყუებულმა ამომრჩეველმა უნდა მოსთხოვოს და როდესაც პასუხს არ მიიღებს, მე რატომ უნდა ავხსნა? მე რა ვიცი, რატომ ამბობენ ამას, მაგრამ ხომ ამბობდნენ, მხარს ვუჭერთო? ხომ ამბობდნენ, 4-ში დავამხობთო, ხომ არ გამოვიდა და მართლა ვიღაც სახლში უფრო ადრე მივიდა მგონი, ვიდრე საერთოდ რაღაც დაიწო იქ, რაღაც მნიშვნელოვანი. მე აზრზე არ ვარ, რა ხდებოდა შიგნით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ შემთხვევაში, მაგრამ კი, ესეც არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. მე უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ რაღაც შოკი რომ გაივლის, ამომრჩევლის რაღაც ნაწილი, რომელმაც ეს დაიჯერა, ამის გამო არ მოვიდა არჩევნებზე, ამის გამო რაღაც იმედები დაამყარა, დაფიქრდება. რასაც ვაკვირდები ზოგადად აღქმებში, მე მგონი, შოკია, ბევრმა არც კი მიიღო რეალობა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ამ განცხადებით სანდრო რაქვიაშვილმა გადაცემის შეკითხვას უპასუხა, რით ხსნის იმ ფაქტს, რომ 4 ოქტომბერს, როდესაც უკვე ლიდერების და ორგანიზატორების დაკავებები დაიწყო, იქ არ იმყოფებოდნენ ამ აქციის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი პარტიის წარმომადგენლები და თუნდაც, ლიდერები, პარტიის თავმჯდომარე კი საერთოდ გაემიჯნა და არც პასუხობს კითხვას, ვინ იღებს პასუხისმგებლობას იგივე დაშავებულებზე, დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე და ასე შემდეგ.
მისი თქმით, არჩევნების დღეს ოპოზიციური ტელევიზიები რევოლუციაზე გადაერთნენ და ოპოზიციური იდეა არჩევნების დღეს გაქანებულ რევოლუციაში იყო.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ აისახება 4 ოქტომბრის ფინალი ოპოზიციურ ფლანგზე, დააზიანა თუ არა ის ამ პროცესმა და მეორე მხრივ, როგორ აისახება ეს იმ პროტესტზე, რომელიც ნოემბრის მერე მიმდინარეობს, სანდრო რა რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ შეიძლება, ეს არ ჩანს, მაგრამ ოპოზიციურ ველზე მხოლოდ “გირჩი” დარჩა, როგორც პარტია.
„მგონი, ახლა ამომრჩეველი დაინახავს მალე, რომ უბრალოდ, სხვა პარტიები აღარ არსებობენ, თუ რამე მათგანი იყო. თუ ხაზარაძეს რამე ესმის, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს. წარმოიდგინეთ, მილიარდერმა ადამიანმა ამდენი ფული ჩაასხი, შენმა ტელევიზიამ, რომელსაც მილიონებს უხდიდი, გიღალატა არჩევნების დღეს და შენ წინააღმდეგ პროპაგანდა ჩაგირთო, მილიონები დახარჯე და თბილისის საკრებულოში ჩვენც ორი ადამიანი გყავს და „ლელოსაც“, არადა, ჩვენ რეკლამაში რამდენიმე ათეული ათასი დავხარჯეთ. უბრალოდ, არასერიოზულია მასშტაბი რესურსების და შედეგის. თან, პირიქით უნდა მომხდარიყო, ორი დიდი ოპოზიციური პარტია არ გავიდა არჩევნებზე და ნორმალურ სიტუაციაში ყველას უნდა ჰქონოდა ორჯერ, სამჯერ მაღალი შედეგი. მარტო ჩვენ გავაუმჯობესეთ შედეგები სინამდვილეში და რეალურად, თუ შევხედავთ პრაგმატულად, ჩვენ გავძლიერდით კიდევ ამ არჩევნებში“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
სანდრო რაქვიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ გახარია უკვე არ არსებობს, როგორც პარტია, მათ შორის, მათი შედეგებიდან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ სრულიად სამართლიანად აგებს პასუხს 4 ოქტომბრის დამხობაზე და აქვს მოლოდინი, რომ ხალხი, რომელიც ციხეში ზის და ვინც გადაურჩა პასუხისმგებლობას, გამოვლენ და ვიღაც იკისრებს საკუთარ თავზე „ნაც ამომრჩევლის“ შეგროვებას და ახალი რაღაც ფორმის მიცემას.
„რეალურად, ახლა, ამ მომენტისთვის, ჩვენ გარდა პოლიტიკური პარტიები აღარ არსებობენ. ბოლო დღეები, ან ბოლო კვირებია მათი არსებობის, მე ასეთი განცდა მაქვს. ბოიკოტმა დაზიანებით ყველა დაგვაზიანა, მაგრამ ჩვენ ყველაზე ნაკლებად დავზიანდით. იმიტომ, რომ ჩვენ ფაქტობრივად, რა ვიცი, ყველა დიდ ქალაქში საკრებულოში გავიყვანეთ ადამიანი და ბევრ რეგიონში უფრო მეტი ხმაც ავიღეთ, ვიდრე წინა წელს”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, მიტინგზე ორგანიზატორების მიგზავნილი შურისძიება იყო.
„რა მოხდა მიტინგზე? გამოვიდნენ და წაიკითხეს, ჩვენ ბიძინა ივანიშვილი, მდინარაძე, კობახიძე, წულუკიანი და კიდევ ვიღაცები უნდა დავიჭიროთო. ეს რას ნიშნავდა? ეს ნიშნავს, რომ არც სასამართლო იქნებოდა. გავასამართლოთო ხომ არ უთქვამთ? სასამართლოს შევქმნით და მერე გავასამართლებთო, ხომ არ უთქვამთ? უკვე მზად ვართ, ჩვენ ვიცითო, ლინჩის წესით უნდა გავასამართლოთ ეს ხალხიო. ანუ, რა გზავნილი გააჟღერა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მხარდაჭერილმა აქციამ, რომ შურისძიება არის, ხომ? რას უკრავდა ტაშს ის ხალხი, რომელიც იქ მივიდა, შურისძიება იყოსო, ხომ? როგორ შეიძლება, შურისძიების მოტივით მოხვიდე პოლიტიკაში და „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი გადმოიბირო და თუ ვერ გადმოიბირებ, როგორ მოუგებ, როცა იქით მილიონი ამომრჩეველია?“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.