ალექსანდრე რაქვიაშვილი - „ქართული ოცნება“ პარლამენტში მარტო თუ დარჩება, არ მგონია, საგამოძიებო კომისიას ჰქონდეს დიდი ნდობა, იქ უნდა იყოს წარმოდგენილი რაც შეიძლება ბევრი ოპოზიციური პარტია
ალექსანდრე რაქვიაშვილი - „ქართული ოცნება“ პარლამენტში მარტო თუ დარჩება, არ მგონია, საგამოძიებო კომისიას ჰქონდეს დიდი ნდობა, იქ უნდა იყოს წარმოდგენილი რაც შეიძლება ბევრი ოპოზიციური პარტია

ვცდილობთ, დავარწმუნოთ ორივე მხარე – ოპოზიცია და „ქართული ოცნება“, რომ მართლა უნდა გადავდოთ ვიწრო პარტიული ინტერესები, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ უნდა დადოს ის, რასაც ჯერ კიდევ ივანიშვილი შეგვპირდა – პროპორციული, უბარიერო არჩევნები და ოპოზიციამ, ამ შემთხვევაში, უნდა დაინახოს, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ყველანაირად უფრო მნიშვნელოვანია, გრძელვადიანი პერსპექტივით რომ გადავხედოთ ქვეყნისთვის, ვიდრე ჩატარდება თუ არა არჩევნები ან პლებისციტი. მეტიც, როგორც კი პროპორციული, უბარიერო არჩევნები იქნება შემოღებული, თვითონ ვადამდელი არჩევნების საშიშროება აღარ იარსებებს იმ გაგებით, რომ ეს იქნება ნორმალური პროცესი დემოკრატიულ ქვეყანაში. მაგალითად, იგივე ხდება გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, სადაც პერიოდულად ტარდება ვადამდელი არჩევნები. მხოლოდ იმიტომ, რომ წესები, რომელიც ჩვენ გვაქს ახლა, ხელს არ უწყობს მრავალპარტიულ პარლამენტს და კოალიციურ მთავრობას, მხოლოდ ამიტომ ეშინია მმართველ გუნდს ვადამდელი არჩევნების“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება არაფერს არ დათმობს, ისინი დარწმუნდებიან, რომ არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ სურს მოლაპარაკებების გამართვა და ორივე მხარე არის ჩამშლელი.

„ჩვენი ამოცანა იქნება, ჩვენ ამომრჩეველს და ზოგადად ამ ქვეყნის მოსახლეობას ეს ავუხსნათ, დავანახოთ და დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი ამას ჩვენი მოსახლეობა დაინახავს, ორივე მხარე ძალიან დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის ამაში. ეს იქნება ჩვენი მთავარი ამოცანა და ჩვენ ამით დავკავდებით უახლოეს დღეებში, თუ დასრულდება მოლაპარაკებების პროცესი“,- აღნიშნა რაქვიაშვილმა.

კითხვაზე, თუკი ხელისუფლება პროპორციულ უბარიერო არჩევნებს დაეთანხმება, მაგრამ უარს იტყვიან სხვა ოპოზიციური პარტიები, ამ შემთხვევაში „გირჩი“ შევა თუ არა პარლამენტში, რაქვიაშვილი დარწმუნებულია, რომ შეძლებენ „საკმარისი პასუხისმგებლობით აღჭურვილი პოლიტიკოსის პოვნას, ვინც მათთან ერთად მიიღებს ამ ცვლილებას“. მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც ამ ცვლილებას დაინახავენ და არ შევლენ პარლამენტში, ისინი პარლამენტარის წოდებას არ იმსახურებენ.

„ხელისუფლება უბარიერო პროპორციულ არჩევნებს თუ დადებს, რამდენადაც მაქვს კომუნიკაცია ოპოზიციონერ კოლეგებთან და მე ზოგადად ვიცი მათი განწყობა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ვიპოვოთ საკმარისი პასუხისმგებლობით აღჭურვილი პოლიტიკოსი, ვინც ჩვენთან ერთად მიიღებს ამ ცვლილებას.

თუმცა თუ ადამიანები, რომლებიც ამ ცვლილებას, ცვლილების შანს დაინახავენ და არ შევლენ პარლამენტში, მიუხედავად ამისა, ისინი მე მგონი, არც იმსახურებენ პარლამენტარის წოდებას, ამიტომ არც არაფერი დაშავდება, რომ ისინი არ იყვნენ“,- აღნიშნა რაქვიაშვილმა.

ამასთან, რაქვიაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ პარლამენტში მარტო თუ დარჩება, არჩევნებთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიას დიდი ნდობა არ ექნება. თუმცა, მისივე განცხადებით, თუ პარლამენტი იქნება ნორმალურად დაკომპლექტებული, მაშინ ნდობის ფაქტორის გაჩენის შანსი არის.

„ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რას გავაკეთებთ ჩვენ პარლამენტში, იმიტომ რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული. იმისთვის, რომ ჩვენ აღმოვჩნდეთ პარლამენტში, უნდა იყოს გარკვეული ნაბიჯები მიღებული, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ მხრიდან და სასურველია, ასევე ოპოზიციის მხრიდან.

არამგონია, რომ არსებულ ვითარებაში განსაკუთრებით თუ „ქართული ოცნება“ დარჩება პარლამენტში მარტო, ამ საგამოძიებო კომისიას ჰქონდეს დიდი ნდობა. თუმცა თუ პარლამენტი იქნება ნორმალურად დაკომპლექტებული, მაშინ შანსი არის, რომ ნდობის ფაქტორი გაჩნდეს. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ზოგადად ოპოზიციაზე.

ზოგადად, დიდმა ნაწილმა უნდა დაიჯეროს, რომ ეს სანდოა. არამგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა დაუჯეროს სანდოობა ამ კომისიის, თუ ამ კომისიაში იქნებიან ყოფილი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები. ამიტომ, თუ მართლა საგამოძიებო კომისია გვჭირდება, მაშინ იქ უნდა იყოს წარმოდგენილი რაც შეიძლება ბევრი ოპოზიციური პარტია“,- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ დღეს განაცხადა, რომ მოუწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჩაერთონ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, ფაქტებით დაამტკიცონ ბრალდებები ან ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას.