ალექსანდრე რაქვიაშვილი - მასშტაბს აქვს მნიშვნელობა და ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომ არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა
ალექსანდრე რაქვიაშვილი - მასშტაბს აქვს მნიშვნელობა და ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომ არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა

სამწუხაროდ, ოპოზიციამ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ დადო, რომ არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„მასშტაბს მნიშვნელობა აქვს. ერთადერთი, რაც დაიდო, იყო ISFED-ის კვლევა, თუ მართალია ის, რაც იქ წერია, თუ მათემატიკურ უნარებს გამოვიყენებთ, ესე იგი, გაყალბებას ადგილი არ ჰქონდა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მყარია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც არჩევნებზე უამრავი წარმომადგენელი ჰყავდათ, ოპოზიციის შიგნით მიმდინარე შეხვედრების ფორმატში უამრავი მტკიცებულების წარმოდგენის შესახებ საუბრობდნენ, მაგრამ მათ მასშტაბური გაყალბების შესახებ არგუმენტების წარმოდგენა ვერ მოახერხეს.

„ჩვენ პირველი შეხვედრის დროს დავიწყეთ საუბარი, დავუმტკიცებთ თუ არა ელჩებს გაყალბებას და კარგად მახსოვს, მაშინ დათო ბაქრაძემ თქვა, აი, ამდენ მტკიცებულებას წავიღებთო. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, გაყალბება დაგვემტკიცებინა. ის, რომ დარღვევები უამრავი იყო, ისედაც ვიცით. ამისთვის ტელევიზიები არსებობენ, ჟურნალისტები და ჩვენ ეს დავადგინეთ, მაგრამ პრობლემა იმაში კი არ იყო, დარღვევები იყო თუ არა? როცა ოპოზიციამ მეორე ტურის წინ ბოიკოტი გამოაცხადა, ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ფაქტობრივად, მინიმუმ, ოთხი-ხუთი მანდატი, ან შეიძლება, მეტიც ვაჩუქეთ. ესე იგი, ფაქტობრივად, ჩვენ პრეტენზია გვქონდა იმაზე, რომ გაყალბება უფრო მეტი, 4-5%-ზე მეტი იყო. ეს არ შეიძლება, უბრალოდ დამალო. მეორე მხრივ, პრობლემაა ისიც, რომ ჩვენ პატარა პარტია ვიყავით და მცირე რესურსები გვქონდა, მაგრამ ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებში ჯამურად, 11 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავდათ დასაქმებული და როცა ამბობენ, ბიულეტენში ნაკლებობააო, ტექნიკურად ეს ნიშნავს, რომ უბნიდან თითო ბიულეტენი რომ წავიღო, მე შეიძლება, კარუსელი დავატრიალო. თეორიულად, შეიძლება, ათი ხმა მისცეს, ან თხუთმეტი იყოს და ა.შ, მაგრამ ჩვენი კოლეგები ამტკიცებენ, რომ ჩვენ ქვეყანაში 8 000 პოტენციური კარუსელი იყო. არ მინდა, „ქართულ ოცნებას“ შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ 2012 წლიდან მათ მიერ ჩატარებული არც ერთი რეფორმა თუ პროექტი არ მახსოვს და თუ ამ ხალხმა 11 000 ოპოზიციური დამკვირვებელი მოისყიდა და 8 000 კარუსელი დაატრიალა, გამოდის, ეს მაინც გამოუვიდათ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.