ალექსანდრე რაქვიაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არაფერი საერთო არ შეიძლება, გვქონდეს, მაგრამ იმდენად ცხადია, რომ ამ „თავდაცვის კოდექსის“ მიღება არ შეიძლება, ერთად ვმუშაობთ
ალექსანდრე რაქვიაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არაფერი საერთო არ შეიძლება, გვქონდეს, მაგრამ იმდენად ცხადია, რომ ამ „თავდაცვის კოდექსის“ მიღება არ შეიძლება, ერთად ვმუშაობთ

„თავდაცვის კოდექსი“ ძალიან ამორალური კანონია და თავდაცვასთან კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც ალექსანდრე რაქვიაშვილმა აღნიშნა, „თავდაცვის კოდექსში“ ბევრი შეცდომაა და ისეთი ნორმებია, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება თავდაცვისუნარიანობის ზრდას.

„კანონები ასე არ იწერება, რომ კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ იყოს მიმართული. რელიგიური ორგანიზაციების მიმართ დისკრიმინაციულია. ზოგ შემთხვევაში სრული მარაზმი წერია. ისეთი პუნქტები წერია, რომლებიც ფეხმძიმე ქალების მოკვლისა და წვევამდელების დაჭერის უფლებას აძლევს სამხედრო პოლიციას. მე მგონი, მსოფლიოში პრეცენდენტი არ არსებობს ისეთი რაღაცეების, რაც იქ წერია. რაც მთავარია, ეს კანონპროექტი, ფაქტობრივად, წესიერად არც კი განხილულა და „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ნორმალურ განხილვაზე და ამ პარლამენტში ასეთი პირველი პრეცენდენტია. ეს კანონპროექტი არანაირი გაგებით არ უნდა იყოს მიღებული, იმედია, ხალხი გამოვა მიტინგზე, პოზიციას საჯაროდ დააფიქსირებენ და ამაზე დისკუსიები იქნება. არ მაქვს დიდი იმედი, რომ „ქართული ოცნება“ გაიგებს ლოგიკურ და მორალურ არგუმენტებს. მაგრამ იმედი მაქვს, რომ, სულ მცირე, ხალხის პროტესტი იმგვარი იქნება, რომ ამ კოდექსს არ მიიღებენ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, ყველანაირ მექანიზმს გამოიყენებენ, რომ ეს კანონპროექტი ჩავარდეს.

„ყველა, ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია ამ საქმეში, ხვდება, რომ ამ „თავდაცვის კოდექსის“ მიღება არ შეიძლება. ჩვენ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად რომ ვმუშაობთ, ეს ხომ რაღაცაზე მიუთითებს. არაფერი საერთო შეიძლება არ გვქონდეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ვჩხუბობდეთ და ერთმანეთს ვლანძღავდეთ, მაგრამ იმდენად ცხადია, რომ ეს კოდექსი არ შეიძლება მიღებული იყოს, რომ ერთად ვმუშაობთ. თუ ასე გავაგრძელებთ, შეიძლება, წლის ბოლომდე გაიწელოს. თუ წლის ბოლომდე გაიწელება, მაშინ ამას არასდროს აღარ მიიღებენ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.