ალექსანდრე რაქვიაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება უცნაურად გამოიყურება, ბევრი კითხვაა, საერთოდ რაზე ჩხუბობენ, რადგან პოზიციებში პრინციპული განსხვავება ვერ გავიგე
ალექსანდრე რაქვიაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება უცნაურად გამოიყურება, ბევრი კითხვაა, საერთოდ რაზე ჩხუბობენ, რადგან პოზიციებში პრინციპული განსხვავება ვერ გავიგე

„გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება ძალიან უცნაურად გამოიყურება. მისივე თქმით, ბევრი კითხვაა, საერთოდ რაზე ჩხუბობენ, რადგან, რაქვიაშვილის შეფასებით, პოზიციებში პრინციპული განსხვავება არ არის.

„ძალიან უცნაურად გამოიყურება „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება, რადგან, მგონი, „ქართული ოცნების“ მდგომარეობის იმიტაციაა – ფორმალური მმართველი, ლიდერი, რომლის გამოც პარტიამ შეიძლება, ყველაფერი გააკეთოს, ოღონდ ლიდერის სურვილები დააკმაყოფილოს. პრაიმერიზი და პარტიული არჩევნებიო, მაგრამ ყველა ხვდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა თქვას, რაღაც პოზიცია დაიკავოს, ეს პოზიცია იქნება გადამწყვეტი და არა ის, რაც ამ პრაიმერიზზე მოხდება.

ზოგადად, ბევრი კითხვაა, საერთოდ რაზე ჩხუბობენ, რადგან პოზიციებში პრინციპული განსხვავება ვერ გავიგე. რაღაც გაგებით, საბოლოო ჯამში, ეს მათი და მათი ამომრჩევლების საქმეა. იმედია, ადრე თუ გვიან დაასრულებენ ამ ისტორიას, რომ, სულ მცირე, გასაგები გახდეს, ვინ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, ვისთან უნდა ვილაპარაკოთ, რათა შევთანხმდეთ და ასე შემდეგ. ყველასთან შემიძლია ვილაპარაკო, ხაბეიშვილთანაც, მელიასთანაც, რადგან ჩვენ არ ვართ ვალდებული, მეგობრები ვიყოთ. თუ ვიღაც ხალხი წარმოადგენს 500 ათას ამომრჩეველს, მე დაველაპარაკები, ისევე, როგორც ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, „ქართულ ოცნებაში“ ვინ იქნება ლიდერი, ვინც იქნება, იმას დაველაპარაკები“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.