ალექსანდრე რაქვიაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნების ჩატარების პროცესიც კი ვერ დააორგანიზეს, დახმარება შევთავაზეთ, რაზეც უარი მივიღეთ
ალექსანდრე რაქვიაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნების ჩატარების პროცესიც კი ვერ დააორგანიზეს, დახმარება შევთავაზეთ, რაზეც უარი მივიღეთ

„გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიაში არჩევნებთან დაკავშირებით მარტივი პროცესიც კი ვერ დააორგანიზა.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ წინასწარ არ დაფიქრებულან, რას აკეთებენ.

ამასთან, როგორც სანდრო რაქვიაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, თავის დროზე „გირჩმა“ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების ორგანიზებაში დახმარება შესთავაზა, თუმცა პარტიისგან უარი მიიღო.

„ტექნიკური პრობლემები შეიძლება, ყველას დაემართოს, მაგრამ რაც ახლა ხმის მიცემასთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარეობს, ნიშნავს, რომ წინასწარ არ დაფიქრებულან, რას აკეთებენ და პროცესი ისე დაიწყეს, რომ ელემენტარული კითხვებიც კი არ დასვეს, პროცესი როგორ აეწყობა და რა ხარვეზები შეიძლება იყოს. მარტივი პროცესიც კი ვერ დააორგანიზეს. კითხვა ჩნდება, ამხელა პარტიას რა შეუძლია, გააკეთოს, თუ პარტიას არჩევნების ჩატარების პროცესის ორგანიზება არ შეუძლია? თავის დროზე ორგანიზებაში დახმარება შევთავაზეთ, რადგან ის პარტია ვართ, რომელსაც პრაიმერიზი გვაქვს ჩატარებული. ჩვენს შეთავაზებაზე უარი მივიღეთ და ახლა ასე გამოსდით“,  – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, წარმოდგენა არ აქვს, რა განსხვავებაა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატთა პოზიციებში, რადგან არცერთ საკითხზე და რეფორმაზე პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.

„წარმოდგენა არ მაქვს, რა განსხვავებაა პოზიციებში, რა განსხვავებაა ლევან ხაბეიშვილსა და ნიკა მელიას შორის. თავმჯდომარეობისთვის იბრძვიან, მაგრამ თუ გაიმარჯვებენ, რა შეიცვლება, არ ვიცი. არცერთ საკითხზე და რეფორმაზე პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. თუ შეჯიბრი გაგრძელდება, ვის უფრო მეტად უყვარს მიშა, შეიძლება ამაში ვიღაცამ გაიმარჯვოს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ამხელა პარტიამ თავმჯდომარე შეიძლება, ისე აირჩიოს, რომ არანაირი პოლიტიკური განცხადება არ იქნება გაკეთებული და მხოლოდ ურთიერთბრალდებები იქნება. გარკვეულ პოლიტიკურ პოზიციებზე რაღაც ვალდებულებებს თუ არ აიღებენ, მაშინ პარტიას რა პოზიცია და მიზნები ექნება? არ ვიცი, რა უნდათ კანდიდატებს, არ ვიცი, რომელი უფრო იმსახურებს თავმჯდომარეობას. ადამიანურად ხაბეიშვილს უფრო ვიცნობ, ვიდრე მელიას, რადგან პარლამენტში, სხდომათა დარბაზში ჩემი მეზობელია“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.