ალექსანდრე რაქვიაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვინც გამოეყო, ყველა „ნაცებში“ ბრუნდებოდა ან პოლიტიკიდან ქრებოდა, ამიტომ გიული ალასანიას გადმოსახედიდან სააკაშვილს ბევრი პარაზიტი ჰყავს
ალექსანდრე რაქვიაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვინც გამოეყო, ყველა „ნაცებში“ ბრუნდებოდა ან პოლიტიკიდან ქრებოდა, ამიტომ გიული ალასანიას გადმოსახედიდან სააკაშვილს ბევრი პარაზიტი ჰყავს

„ნაციონალურ მოძრაობას“ ვინც გამოეყო, ყველა „ნაცებში“ ბრუნდებოდა ან პოლიტიკიდან ქრებოდა, ამიტომ, გიული ალასანიას გადმოსახედიდან, სააკაშვილს ბევრი პარაზიტი ჰყავს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ირგვლივ ასეთები მართლაც ბევრნი იქნებიან.

„ჩვენს ქვეყანაში, სადაც ჩანაწერები აქეთ-იქით დადის, რთულია ამის მიღება, როგორც მტკიცებულების. რომც დავუშვათ, სიმართლეა, არ მჯერა, რომ გიული ალასანია ისე არის ჩახედული ჩვენს პოლიტიკაში ან რუსეთთან ურთიერთობაში, ან ისეთი ურთიერთობა აქვს რუსეთის მთავრობასთან, რომ სერიოზული დასკვნები აქედან გააკეთოს. მიუხედავად ამისა, ძალიან ცხადია, რომ როცა შენ ებრძვი რუსეთს და, ფაქტობრივად, გინდა, გადატრიალება მოაწყო საქართველოში, რუსეთის ფაქტორი გასათვალისწინებელი იქნება. ალბათ ნებისმიერი პოლიტიკოსი, მით უმეტეს, რომელსაც პრეტენზია აქვს, ქვეყნის მმართველი გახდეს, ეცდებოდა, გაეთვალისწინებინა, ალბათ ინფორმაციასაც მოიძიებდა, რა მოხდებოდა და, მაგალითად, როგორი იქნებოდა რუსეთის პოზიცია, აქ რომ რევოლუცია დაწყებულიყო. არ მჯერა, რომ გიული ალასანია თუნდაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ამდენად ჩახედულია.

ზოგადად, მიხეილ სააკაშვილს მართლა ბევრი პარაზიტი ჰყავს, რომლებიც ცდილობენ, მისი რეიტინგით პარლამენტში აღმოჩნდნენ და პოლიტიკაში დარჩნენ. ბევრ ადამიანს, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო და დამოუკიდებელი პოლიტიკური კარიერა დაიწყო, ფაქტობრივად, არავის არაფერი გამოუვიდა. გამოდიოდა, რომ ყველა „ნაცებში“ ბრუნდებოდა პირდაპირ თუ ირიბად ან პოლიტიკიდან ქრებოდა. ამიტომ, გიული ალასანიას გადმოსახედიდან, სააკაშვილს ნამდვილად ბევრი პარაზიტი ჰყავს, სააკაშვილის ირგვლივ ასეთები მართლა ბევრნი იქნებიან“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.