ალექსანდრე რაქვიაშვილი - მეორე ტურში რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერისკენ არ მოვუწოდებთ ამომრჩეველს, ჩვენი მხარდამჭერები თავად გადაწყვეტენ, ვის მისცენ ხმა
ალექსანდრე რაქვიაშვილი - მეორე ტურში რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერისკენ არ მოვუწოდებთ ამომრჩეველს, ჩვენი მხარდამჭერები თავად გადაწყვეტენ, ვის მისცენ ხმა

რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერისკენ ტრადიციულად არ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს, ეს ჩვენთვის ნორმალური ამბავია. ჩვენი მხარდამჭერები თვითონ გადაწყვეტენ, ვის მისცენ ხმა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კარგი იქნება, ოპოზიციამ რამდენიმე ქალაქში მოიგოს, რადგან კონკურენცია უფრო მაღალი იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქალაქში სიტუაცია განსხვავდება, მაინც რთული ამბავია. მაგალითად, თბილისში ცხადია, რომ ნიკა მელიას სჭირდება მათ შორის გიორგი გახარიას ხმები. არ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ეს მოხდეს. არ მესმის, ადამიანის თავში როგორ შეიძლება, ისეთი სიტუაცია შეიქმნას, ჯერ გახარიას მისცეს ხმა და მერე ნიკა მელიას. თბილისის მიმართ უფრო სკეპტიკურად ვარ განწყობილი. სხვა ქალაქებში შეიძლება, სხვანაირად დალაგდეს სიტუაცია. მგონი, შანსი ოპოზიციას აქვს. კარგი იქნება, ოპოზიციამ რამდენიმე ქალაქში მოიგოს, რადგან კონკურენცია უფრო მაღალი იქნება, მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა ამა თუ იმ პარტიის მიმართ. ეს გამოუვათ თუ არა, არ ვიცი, მაინც რთულია. მარტივი არ არის, მოხდეს მობილიზაცია. გასაგებია, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები მოვლენ, მათ შორის ამ მხრივ მნიშვნელოვანია მიშას ფაქტორი, მაგრამ სხვა პარტიების მხარდამჭერები როგორ მოვლენ, არ ვიცი“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.