ალექსანდრე რაქვიაშვილი - ხელისუფლების ცვლილებაზე თუ ვსაუბრობთ, ჯერ დავიწყოთ იმით, რის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, სააკაშვილის ირგვლივ მე ვერ გავერთიანდები
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ხელისუფლების ცვლილებაზე თუ ვსაუბრობთ, ჯერ დავიწყოთ იმით, რის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, სააკაშვილის ირგვლივ მე ვერ გავერთიანდები

„გირჩის“ წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, აზრი არ აქვს მთავრობის გადაყენებაზე საუბარს, თუ არ არის დისკუსია იმაზე, რა იქნება შემდეგ და რის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია.

რაქვიაშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ თავად ვერ გაერთიანდება, თუმცა რაიმე იდეის ირგვლივ ერთიანობა შესაძლებელია.

„ზოგადად, ასეთი დისკუსიები ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია, მიმდინარეობს და ჩვენ ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავით უბრალოდ საუბრის, რომ გადავაყენოთ მთავრობა, თუ იმაზე არ ვსაუბრობთ, რა იქნება შემდეგ და რისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს. უბრალოდ, ერთი ადამიანი რომ ჩავანაცვლოთ, ამას აზრი არ აქვს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ხელისუფლების ცვლილებაზე, მოდი, ჯერ დავიწყოთ საუბარი იმით, რის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მიშას ირგვლივ უნდა გაერთიანდეს, თუ რაიმე იდეის ირგვლივ? მიშას ირგვლივ მე ვერ გავერთიანედები, მაგრამ თუ იდეების ირგვლივ იქნება ერთიანობა, რატომაც არა, მაგრამ ამაზე საუბარი არც კი მიდის, არც კი ყოფილა მცდელობა. მე არ მგონია, რამე გამოვიდეს ამ ინიციატივისგან“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

ამავდროულად, ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემაა, როცა უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში, რუსეთისგან მომავალი რისკების გათვალისწინებით, პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, კვლავ სააკაშვილის პერსონაზე დადის საუბარი.

„მართალი გითხრათ, უკრაინის ომის პირობებში მე საერთოდ დამავიწყდა მიხეილ სააკაშვილის თემა. არამგონია, რამე წნეხს ვგრძნობდე მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. თავისთავად პრობლემაა, რომ იმის ნაცვლად, ჩვენ მართლა პრობლემებზე ვილაპარაკოთ,  რუსეთისგან მომავალი რისკები გვაქვს, ამ თემებზე საუბრის ნაცვლად ისევ მის სიტყვებზე და პერსონაზე დადის საუბარი, რაც არ არის კარგი“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „თუ ვიქნებით აქტიურები, ამ ხელისუფლებას ამ ფორმით დარჩა მაქსიმუმ თვე-ნახევარი. ეს ხელისუფლება წავა მოუსავლეთში ამ გაზაფხულზე. ამის შემდეგ უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. მათ შორის, შეიძლება, შესული იყვნენ ნაწილობრივ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც. ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები“.