ალექსანდრე რაქვიაშვილი - „გირჩის“ გადმოსახედიდან მძიმე კრიზისში დამნაშავეა როგორც „ქართული ოცნება“, ასევე ჩვენი ოპოზიციაც
ალექსანდრე რაქვიაშვილი - „გირჩის“ გადმოსახედიდან მძიმე კრიზისში დამნაშავეა როგორც „ქართული ოცნება“, ასევე ჩვენი ოპოზიციაც

ძალიან მიხარია, რომ დებატები შედგა და ეს და მომდევნო დებატები გამოგვიყვანს სადღეგრძელოების რეჟიმიდან, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ჩვენ შევძლებთ, ვისაუბროთ არგუმენტირებულად, იმ პრობლემებზე, რომლებიც გვაქვს. ჩვენ მართლაც მძიმე კრიზისში ვართ და ჩვენი, „გირჩის“ გადმოსახედიდან ამ მძიმე კრიზისში დამნაშავეა როგორც „ქართული ოცნება“, ასევე ჩვენი ოპოზიციაც, რომელმაც არა ერთი შეცდომა დაუშვა. თუ ჩვენ დავიწყებთ ღია და არგუმენტირებულ საუბარს, იმედი მაქვს, ჩვენი ამომრჩევლები დაინახავენ ამ პრობლემას და რისკებს, რომელიც მათ შორის, ასეთ გართულებებს მოჰყვება. ჩვენი პოლიტიკოსები ხომ იცით, როგორც კი დაინახავენ, რომ ამომრჩეველთა პოზიცია შეიცვალა, თავიანთ პოზიციას ცვლიან ხოლმე. არ შეიძლება, საპარლამენტო რესპუბლიკა პარლამენტის გარეშე დარჩეს და საბოლოო ჯამში, ამომრჩევლის წნეხის შედეგად მივიღებთ მოლაპარაკებას, რომელიც წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისი თქმით, დებატებში მიმდინარე დისკუსია ძალიან კარგი ლუსტრაციაა იმისა, რომ ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ ჯახს პარლამენტი და საბოლოო ჯამში, მთელი ქვეყანა გადაჰყვა.

როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის დიდი ნაწილი და „ქართული ოცნება“ თამაშობს თამაშს – „ან მე მოვიგებ, ან მე წავაგებ და სხვა არაფერი მჭირდება, რასაც ქვეყნის ინტერესები ეწირება“.

დებატებში მონაწილე „ლელოს“ წარმომადგენლის, ლევან სამუშიას შეკითხვაზე, „გირჩი“ ამ დროს სად არის, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ „გირჩი“ ორივეს ებრძვის.

„ჩვენ ორივეს გებრძვით, რადგან საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანაა, ეს ქვეყანა თქვენს პოლიტიკურ ინტერესებს არ გადავაყოლოთ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.