ალექსანდრე რაქვიაშვილი - არ არის გამორიცხული, ღარიბაშვილისა და ერდოღანის შეხვედრას კავშირი ჰქონდეს „ენკას“ მიერ კონტრაქტის შეწყვეტასთან
ალექსანდრე რაქვიაშვილი - არ არის გამორიცხული, ღარიბაშვილისა და ერდოღანის შეხვედრას კავშირი ჰქონდეს „ენკას“ მიერ კონტრაქტის შეწყვეტასთან

„გირჩის“ წევრ ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, უამრვი კითხვა არსებობდა იმის თაობაზე, თუ რატომ გაფორმდა კომპანია „ენკასა“ და საქართველოს ხელისუფლებას შორის ასეთი კონტრაქტი.

თუმცა, მისივე თქმით, კონტრაქტის შეწყვეტა ბევრად ძვირი ჯდებოდა, ვიდრე „ნამახვანჰესის“ პროექტის საბოლოო განხორციელება.

რაქვიაშვილის განცხადებით, ჩნდება კითხვები, რატომ გაუჩნდა კომპანიას კონტრაქტის გაწყვეტის სურვილი, ვინაიდან ამის საჭიროება არ ჰქონდა. ალექსანდრე რაქვიაშვილის განმარტებით, კონტრაქტი ისე იყო შედგენილი, რომ მთავრობა კომპანიას მაინც ყველანაირ ზარალს აუნაზღაურებდა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე, ყოველთვის იარსებებს ეჭვი, რომ ეს შეთანხმებაა.

„ვიდრე არ ვიცით ამ ნაბიჯის საბოლოო შედეგი, არ ვიცით, რამდენად დაზარალდება ბიუჯეტი და რამდენი ჯარიმის გადახდა მოგვიწევს, საბოლოო შეფასება ძალიან რთულია. ეს პროექტი მკაცრად რომ შეგვეფასებინა, ფინანსურად მომგებიანი არ იყო. უამრავი კითხვა იყო, რატომ გაფორმდა ასეთი კონტრაქტი. მაგრამ ისეთი კონტრაქტი იყო, უკვე გაფორმებული კონტრაქტის შეწყვეტას აზრი არ ჰქონდა. შეწყვეტა ბევრად ძვირი ჯდებოდა, ვიდრე ამ პროექტის საბოლოო განხორციელება. მე პირადად მაქვს კითხვები, ბიუჯეტს ეს რა დაუჯდა. ასევე, რაც პრობლემურია, ჩვენ საბოლოო ჯამში არ ვიცით, ეს რა შეთანხმების შედეგი იყო. გასაგებია, რომ ეს ვითომ კომპანიის გადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ არანაირი საჭიროება კომპანიას არ ჰქონდა, რადგან კონტრაქტი ისე იყო შედგენილი, რომ მთავრობა კომპანიას მაინც ყველანაირ ზარალს აუნაზღაურებდა. მე რომ კომპანიის წარმომადგენელი ვყოფილიყავი, ამ კონტრაქტს ჩემი ნებით არ შევწყვეტდი. ამიტომ ჩნდება კითხვები, კომპანიას ეს სურვილი რატომ გაუჩნდა. რადგან წინასაარჩევნო პერიოდში ვართ, ყოველთვის იარსებებს ეჭვი, რომ ეს შეთანხმებაა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ შეიძლება, წინაასაარჩევნოდ დაეხმაროს, რომ ეს პრობლემა მოაგვარა. ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ „ნამახვანჰესის“ აშენებას, და ასეთი ბევრი იყო, გაუხარდებათ. რამდენადაც მიეწერება მმართველ გუნდს, რომ ეს პრობლემა მოგვარდა, ამაში შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ“ ხმები მიიღოს. მაგრამ უამრავი ადამიანი იყო, ვისაც უნდოდა, ჰესი აშენებულიყო და საპირისპირო პოზიციას იკავებდა. ამიტომ რაღაც ხმები შეიძლება, დაიკარგოს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, ღარიბაშვილისა და ერდოღანის შეხვედრას რაიმე კავშირი ჰქონდეს დღევანდელ ფაქტთან.

„ღარიბაშვილისა და ერდოღანის შეხვედრა იყო, და არ არის გამორიცხული, ამას რაიმე კავშირი ჰქონდეს დღევანდელ ფაქტთან. ენერგეტიკა ზოგადად ძალიან აფილირებულია მთავრობებთან. თურქეთშიც იგივეა და საქართველოშიც. საერთოდ არ არის გამორიცხული, რომ ჩვენს პრემიერ-მინისტრს თურქეთის პრეზიდენტთან ჰქონოდა რაიმე ტიპის საუბარი ამ თემაზე, რადგან ჩვენთვის ეს აქტუალური თემაა და თურქეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის. მასშტაბები სხვაა. არაფერი არანორმალური არ იქნებოდა, რომ რაღაც შეთანხმება მომხდარიყო“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელსაც „ნამახვანჰესი“ უნდა აეშენებინა, საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენი კომპანიის შვილობილმა, ENKA Renewables-მა საქართველოს სახელმწიფოსთან 2019 წლის 25 აპრილს ხელი მოაწერა ნამახვანის კასკადის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარების, მშენებლობის, მართვისა და ექსპლუატაციის შეთანხმებას, რომელიც უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს. კომპანია ატყობინებს საქართველოს სახელმწიფოს ამ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულების დარღვევისა და ფორსმაჟორის გამო“, – აღნიშნულია კომპანია „ენკას“ განცხადებაში.