ალექსანდრე რაქვიაშვილი - ჩინეთთან ურთიერთობების დალაგებას დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ჩინეთთან ურთიერთობების დალაგებას დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩინეთი ყველაზე აგრესიული და ტირანული ქვეყანა მსოფლიოში, რუსეთზე ბევრად უფრო უარესია და გაგვიმართლა, რომ ჩვენი მეზობელი არ არის. ამ თვალსაზრისით, პოლიტიკურად დიდ საფრთხეს წარმოადგენს და ჩინეთთან ურთიერთობების დალაგებას დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერ ქვეყანასთან რაც უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა გვექნება, მით უკეთესი იქნება.

„ზოგადად, თუ ასეთი ტიპის მოლაპარაკებები იმით დამთავრდება, რომ ჩინეთთან საქართველოს კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ურთიერთობა ექნება, რატომაც არა?! ამის მიუხედავად, არ უნდა დავუშვათ, რამენაირად ჩინეთს პოლიტიკურად დავუახლოვდეთ, რომ ის, რაც ჩინეთს განასახიერებს, რაღაცნაირად ჩვენზე გადმოვიდეს. ინვესტიციები ცუდი არასოდეს არის. ჩვენ არასწორად ვიქცევით იმ ნაწილში, რომ მთავრობა პორტს აშენებს. პორტის მშენებლობა მთავრობის საქმე არ არის. ეს ასე რომ არ ყოფილიყო, საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს, პორტს ჩინელები ააშენებენ, ამერიკელები თუ არგენტინელები. მთავრობა რომ პორტს აშენებს და ფულს შოულობს, თუნდაც ჩინეთში, ეს უკვე პრობლემაა, რადგან პოლიტიკურ პრობლემად იქცევა. ჩინური ინვესტიცია არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, არც რუსული ინვესტიციები, არც თურქული და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის. პრობლემაა ის, რომ მთავრობა ეკონომიკაში ერევა და ეს ეკონომიკა კი არ ხდება, ეს პოლიტიკა ხდება. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად უკეთესია, ამერიკელებთან იმეგობრო და არა ჩინელებთან. პორტს რატომ აშენებს მთავრობა? რომელ ავადმყოფ თავში გაჩნდა, რომ მთავრობამ რაღაც ეკონიმიკაში უნდა აშენოს და აქტიური იყოს? ეს არის პრობლემა. სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება, ამ მთავრობის ხელში გინდ ამერიკული ფული იყოს და გინდ ჩინური, ყველა შეიძლება პრობლემური გახდეს. სულ გვგონია, რომ ფულის წარმომავლობაა პრობლემა, მაგრამ პრობლემა ჩვენი შიდა მოწყობაა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.