ალექსანდრე ონოფრიშვილი: გუდაურში ისეთი სპორტული კომპლექსის მოწყობა გვსურს, სადაც საფეხბურთო ნაკრებიც ივარჯიშებს
ალექსანდრე ონოფრიშვილი: გუდაურში ისეთი სპორტული კომპლექსის მოწყობა გვსურს, სადაც საფეხბურთო ნაკრებიც ივარჯიშებს

ცნობილია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ლოზანაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, თომას ბახს შეხვდა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანი ქვეყანაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა პირველ არხთან ილაპარაკა იმ პერსპექტივაზე, რაც საქართველოს ზამთრის სახეობების ინფრასტრუქტიურის განვითარებაში გააჩნია.

“საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობებისა და სამთო კურორტების განვითარებას დიდი პერსპექტივა გააჩნია. როგორც პრემიერმა განაცხადა, უახლოეს მომავალში საქართველოში საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი ჩამოვა, რომელიც ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივებს განიხილავს. ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები იგეგმება, რათა ჩვენი ამბიცია დასაბუთებული იყოს. მაგალითად, იგეგმება ბიატლონის ტრასის გაკეთება, ბაკურიანში ახალი ტრამპლინის ინფრასტრუქტურა მოეწყობა, სამთო კურორტებზე დამონტაჟდება და განახლდება საბაგიროები და ა.შ. მოკლედ, ძალიან ბევრი საინტერესო ჩანაფიქრი გაგვაჩნია, რომელიც მინიმუმ ტურიზმის განვითრებას შეუწყობს ხელს“ – ამბობს ალექსანდრე ონოფრიშვილი.

მისი თქმით, მთის კურორტების განვითარების კომპანიის გეგმები მხოლოდ ზამთრის სახეობების განვითარებას არ უკავშირდება: „ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ მთიან რეგიონებში ისეთი სპორტული ინფრასტრუქტურა განვითარდეს, რომლებიც ზაფხულის სახეობების და შესაბამისად, სპორტული ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. მაგალითად, დღეს პირველად თქვენთან შემიძლია ვთქვა, რომ გუდაურსა და ბაკურიანში საფეხბურთო მოედნების მოწყობა იგეგმება. გუდაურში ისეთი საფეხბურთო კომპლექსის მოწყობა გვსურს, სადაც ნაკრებიც ივარჯიშებს და საქართველოში ჩამოსული მაღალი დონის გუნდებიც. მსგავსი პროექტები საქართველოს ცნობადობის გაზრდასაც შეუწყობს ხელს, ქვეყნის ბიუჯეთში დამატებითი შემოსავლის ახალი წყარო იქნება და დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ, ეს ჩვენი ფეხბურთის განვითარებასაც ხელს შეუწყობს“.