ალექსანდრე მოწერელია - სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 178 პირია, კორონავირუსზე ორი პაციენტი მკურნალობს
ალექსანდრე მოწერელია - სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 178 პირია, კორონავირუსზე ორი პაციენტი მკურნალობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, რეგიონიდან კორონავირუსზე გამოსაკვლევად გაგზავნილი შვიდივე მოქალაქეს „კოვიდ-19“-ზე უარყოფითი პასუხი მოუვიდა.

ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, საუბარია ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ორ მცირეწლოვან ბავშვსა და შუახნის მამაკაცზე, ასევე ფოთის საავადმყოფოში მყოფ ოთხ მოქალაქეზე, რომელთაც კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში არის 178 პირი, იზოლაცია მოეხსნა 546 მოქალაქეს. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 75 ადამიანი. აქედან აფხაზეთიდან გადმოსულია 13 ჩვენი თანამოქალაქე, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კი, კორონავიროსზე მკურნალობას გადის ორი პაციენტი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის რეგიონის მასშტაბით დაჯარიმებულია 42 პირი. სახელმწიფო რწმუნებული მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.

„დავასრულეთ ზედაეწერში თერმოსკრინინგი, ეს არის სოფელი, სადაც ცხოვრობს ჩვენი პირველი პაციენტი, 67 წლის მამაკაცი, სწორედ ამიტომ გადავვწყვითეთ, ამ სოფლიდან დაგვეწყო მასიური სკრინინგი. სოფელში შემოწმებულია 1 037 მოქალაქე, არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა. სკრინინგი მიმდინარეობს სხვა სოფელშიც, გარდა ამისა, სკრინინგი ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.