ალექსანდრე მოწერელია - „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა დაეცვა წესები, არ მოეწყო იაფფასიანი ქმედება, ყველა ორგანიზატორი იდენტიფიცირებულია და ასეთ შემთხვევაში განსახორციელებელი ქმედებები კანონით განსაზღვრულია
ალექსანდრე მოწერელია - „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა დაეცვა წესები, არ მოეწყო იაფფასიანი ქმედება, ყველა ორგანიზატორი იდენტიფიცირებულია და ასეთ შემთხვევაში განსახორციელებელი ქმედებები კანონით განსაზღვრულია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზუგდიდში ადამიანების შეკრებას უპასუხისმგებლო ქმედებას უწოდებს.

„როდესაც ვიმყოფებით საგანგებო ვითარებაში და მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ერთმანეთთან კონტაქტისგან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, მიხეილ სააკაშვილის მოწოდების შედეგად დაიწყეს პირბადეების დარიგება.

100 და 200 პირბადით კორონავირუსს ვერ გავუმკლავდებით. თუ ამ პირბადეები დარიგება სურდათ, მათ შეეძლოთ, იგივე მოხალისეები გამოეყენებინათ. აეღოთ შესაბამისი რჩევები მედიკოსებისგან, დაეცვათ წესები ამ პირბადეების გადაცემის და არ მოეწყოთ ეს იაფფასიანი ქმედება, რაც მოაწყვეს დღეს. ამას სხვას ვერაფერს ვერ ვუწოდებ, გარდა მავნებლური ქმედების, რომ მიზანმიმართულად მოხდეს ეპიდემიის გავრცელება. ჩვენ ხომ არ ვიცით, ამ მოქალაქეებიდან დღეს ვის შეხვდა პრობლემა იქ შეკრების შედეგად. ჩვენ გვაქვს უკვე ერთი დადასტურებული შემთხვევა, მეორეს პასუხს ველოდებით. სხვათა შორის, საკარანტინე ზონიდან არის გადაყვანილი. პირველ მოქალაქეს აქვს კონტაქტები, რომელსაც პოლიცია ადგენს და ასეთ ვითარებაში, როდესაც პოლიციის მთელი ძალები იქითაა მიმართული, რომ ჩვენ ვნახოთ ეს კონტაქტები, პოლიციას მოუწია სწორედ დღეს აქ მოსვლა და მოქალაქეებისათვის დაშლის მოწოდება“, – განაცხადა მოწერელიამ.

მისივე თქმით, პოლიცია გაატარებს კანონით გათვალისწინებულ იმ ზომებს, რაც არის პრემიერის დადგენილებაში მითითებული.

„ყველა ორგანიზატორი იდენტიფიცირებულია, კანონით განსაზღვრულია ასეთ შემთხვევაში, თუ რა ქმედებები უნდა იქნეს განხორციელებული. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, ნუ აიძულებენ სახელმწიფოს ამ მკაცრი ზომების გატარებას. დღეს არ გვაქვს ის ვითარება, რომ ვინმემ რეკლამა იკეთოს და ემზადოს არჩევნებისთვის ასეთი იაფფასიანი ტრიუკებით. ჩვენ დღეს გვჭირდება, პროფესიონალებს დავუჯეროთ და გავატაროთ ყველა ის ღონისძიება, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული. ასევე, არ დაგავიწყდეს რომ არის საგანგებო მდგომარეობა და არის წესები, რომელსაც ყველა უნდა დაემორჩილოს“, – განაცხადა მოწერელიამ.

საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, დღეს ხალხმრავლობა იყო ზუგდიდის ცენტრში. ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სამედიცინო პირბადეები უფასოდ დაარიგეს და მოქალაქეები ამის გამო შეკრიბეს.