ალექსანდრე მოწერელია - ამომრჩევლის ნდობის მოპოვება ნიშნავს, რომ მოსახლეობას მწვავე საკითხები გადავუწყვიტოთ ან მივცეთ გადაწყვეტის ზუსტი ვადა
ალექსანდრე მოწერელია - ამომრჩევლის ნდობის მოპოვება ნიშნავს, რომ მოსახლეობას მწვავე საკითხები გადავუწყვიტოთ ან მივცეთ გადაწყვეტის ზუსტი ვადა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ახალი უფროსი ალექსანდრე მოწერელია აცხადებს, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაძლიერებაა საჭირო.

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ მოწერელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუბარია კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება გადადგამს და არა დაპირებებზე.

„ამომრჩევლის ნდობის მოპოვება იმას ნიშნავს, რომ მწვავე საკითხები, რაც აწუხებს მოსახლეობას, გადავუწყვიტოთ ან მივცეთ მათი გადაწყვეტის ზუსტი ვადა. გამორიცხულია მათთან ურთიერთობაში ტყუილი, რაც არის დამაზიანებელი. არანაირი დაპირება, საუბარია კონკრეტულად ღონისძიებებზე, რისი გატარების საშუალებაც გვაქვს. მოსახლეობასთან ურთიერთობა იქნება გულწრფელი და მთავარია, მათთან კომუნიკაციის ინტენსივობის გაძლიერება“, – აღნიშნა ალექსანდრე მოწერელია.

ალექსანდრე მოწერელია პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის უფროსად დღეს დაინიშნა. ის შტაბის წევრებს ზუგდიდში მყოფმა გიორგი გახარიამ წარუდგინა.