ალექსანდრე მერკვილაძე „გრონინგენის“ საუკეთესო მექულე ზედიზედ მეორე მატჩში გახდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ალექსანდრე მერკვილაძე ნიდერლანდურ „გრონინგენში“ წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს. ქართველი ფორვარდი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გუნდის საუკეთესო მექულე გახდა.
ჩრდილოეთ ევროპის საკალათბურთო ლიგაში (ENBL) „გრონინგენი“ ხორვატულ „ალკარს“ დაუპირისპირდა და 92:80 დაამარცხა. მერკვილაძემ მოედანზე 33 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 17 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ 23 წლის ქართველი კალათბურთელი ზედიზედ მესამე შეხვედრაში აგროვებს, მინიმუმ, 15 ქულას.
ალექსანდრე მერკვილაძის სტატისტიკა ბოლო სამ შეხვედრაში:
„ვოლუნტარისთან“ – 15 ქულა, 9 მოხსნა
„ლეიდენთან“ – 27 ქულა, 7 მოხსნა
„ალკართან“ – 17 ქულა, 7 მოხსნა