ალექსანდრე მეგუთნიშვილი - 18 კვადრატულ მეტრ საკანში 35 პატიმარი იყო, 16 დღე არც დავმჯდარვარ, არც დავწოლილვარ, ჯოჯოხეთი იყო გლდანის ციხე 2010 წელს, შეიძლება ითქვას, ჯოჯოხეთზე უარესი
ალექსანდრე მეგუთნიშვილი - 18 კვადრატულ მეტრ საკანში 35 პატიმარი იყო, 16 დღე არც დავმჯდარვარ, არც დავწოლილვარ, ჯოჯოხეთი იყო გლდანის ციხე 2010 წელს, შეიძლება ითქვას, ჯოჯოხეთზე უარესი

გლდანის ციხეში რომ გადაგვიყვანეს მე და ჩემი ბიძაშვილი, ლექსო მეგუთნიშვილი, სამი პოლიციელი ჩამომყვა. ვისაც ჩააბარეს ჩვენი დოკუმენტაცია, თელავის პოლიციელებმა უთხრეს, რომ მაგ განჩინებაში რაც წერია, ეგრე არ არის, გაითვალისწინეთო. მე შემიყვანეს პირველ საკანში, კარანტინში, ჩემი ბიძაშვილი – მესამეში. კარი რომ გაიღო, ვიღაც ბიჭი იჯდა ჩაცუცქული, ეტყობა, კარის ღრიჭოსთან ჰაერს სუნთქავდა. კარი რომ გაიღო, წამოდგა და მითხრა, 35-ე ხარო, რაც ნიშნავდა, რომ 18 კვადრატულ მეტრ საკანში 35 პატიმარი იყო. 16 დღე არც დავმჯდარვარ, არც დავწოლილვარ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ განაცხადა.

ალექსანდრე მეგუთნიშვილმა დეტალურად გაიხსენა გლდანის ციხეში გატარებული პერიოდი და უფლებების შელახვის ფაქტებზე ისაუბრა.

მეგუთნიშვილის განცხადებით, 16 დღე-ღამის განმავლობაში არ ეძინა და, პატიმრების სიმრავლის გამო, მხოლოდ კედელზე მიყრდნობილი თუ ჩაიძინებდა.

რაც შეეხება, როგორ მოხდა მისი დაკავება, ალექსანდრე მეგუთნიშვილის განცხადებით, ქონების წართმევის შემდეგ, უკვე 2010 წელს დაიბარეს თელავის კუდ-ის შენობაში, სადაც დათო ლორთქიფანიძემ უთხრა, რომ ორ საათში უნდა მიეტანა 10 000 დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში „გაცამტვერებით“ დაემუქრა. ალექსანდრე მეგუთნიშვილის განმარტებით, „დათო ლორთქიფანიძემ თქვა, რომ ეს თანხა უნდოდათ „აფხაზეთის რადიოსთვის“. მეგუთვნიშვილი ამბობს, რომ იმ დღეს 2 000 დოლარის მეტის მიტანა ვერ შეძლო და დაახლოებით ათი დღის შემდეგ მოხდა მისი დაკავება.

„ჯოჯოხეთი იყო გლდანის ციხე 2010 წელს, შეიძლება ითქვას, ჯოჯოხეთზე უარესი. ზოგან 40 კაცი იყო, ზოგან იმაზე მეტი. კარანტინში სულ შვიდი საკანია, მაგრამ მხოლოდ სამი იყო დატვირთული, რომ სპეციალურად ვყოფილიყავით ასეთ სიტუაციებში, დანარჩენი ოთხი თავისუფალი იყო, თვითონ იმათი ნათქვამია. 16 დღის შემდეგ, ხელს რომ ვერ დაიბან, პირს რომ ვერ დაიბან, შეიძლებოდა, პურის ყუა მოგეტეხა, რაღაცები შემოდიოდა, მაგრამ არავინ არაფერს ჭამდა, ისეთი ანტისანიტარია იყო. რომელ კბილის ჯაგრისზე, რომელ დაბანაზეა ლაპარაკი? ეს ხომ გამორიცხულია. მარიამობას, 28 აგვისტოს ციხეში შევხვდი, შემოსული იყო გამომძიებელი, ვინმე ბერძენაშვილი და ერთი ადვოკატი იყო, რაღაცაზე მომაწერინეს ხელი. შემთხვევით ჩემი ნაცნობი შემხვდა, უკვე ექვსი თვე იქ იჯდა და რომ მნახა, გაუკვირდა. ვუთხარი, შენ თუ რამე შეგიძლია, იქნებ მაღლა კარანტინზე „ამომწიონ“, უკვე გაუსაძლისია, ფეხები მეკეცება-მეთქო. მე ყველა კარანტინის დაშლაზე გავყავდი, მცემდნენ და შემდეგ შემოვყავდი უკან. ასე იყო ცნობილი, რომ მეგუთნიშვილი დაბლა უნდა ყოფილიყო. 16 დღე-ღამე არ მეძინა, შეიძლება, ერთადერთი კედელზე ხელი მიმედო და ისე მივყუდებულიყავი, იქ ვერ დაიძინებდი, შუქი სულ ენთო, ან სად უნდა დაგვეძინა, საწოლებზე მორიგეობით წვებოდნენ და საწოლი ერქვა რკინის დაწნულ ბადეს. ამ დროის განმავლობაში 32 კილო დავიკელი. 16-17 დღის გასვლის შემდეგ, ამომიყვანეს საკანში. E კორპუსი იყო, საკანი N 72. იქ ხუთი პატიმარი დამხვდა, მომეხმარნენ ბიჭები, გამომაცვლევინეს, შეძლებისდაგვარად მოვწესრიგდი. დილა გათენდა, ჯერ იმ ბიჭებთან დალაპარაკებულიც არ ვიყავი, კარი გაიღო და ოთხი შავ ფორმებში ჩაცმული, ნიღბიანი კაცი შემოვიდა, მეგუთნიშვილი რომელიაო და რატომღაც ჩავთვალე, ალბათ მიშვებენ-მეთქი და მე ვარ-მეთქო. შენ გვერდზე „კამერაზე“ რა გადაძახილი გქონდაო, ჩამიყვანეს „ფუქსებში“ და დაიწყო იქ ჩემი წამება. შემდეგ კუდ-ში რომ მოვხვდი, ციხიდან როცა გამოვედი, იმ ფაშისტებში რომ მოვხვდი, ჩვენ ვაკონტროლებდით ყველაფერსო. ორ კვირაზე მეტი ისევ კარანტინში ვიყავი, „ფუქსებში“ ვიყავი სამი დღე, სადაც დაბმულიც ვიყავი – დაბლა სულ ბეტონია და პატივი იყო, თუ იქ „ფლოსტებზე“ დაგსვამდნენ, ხელებს უკან გაგაშვერინებდნენ და ბორკილებით გაბამდნენ. „შლემიც“ მეფარა, რომ თვითდაზიანება აღარ მიმეყენებინა, ვეღარ ვუძლებდი ფიზიკურად. ერთხელ ისე მცემეს, გონება დავკარგე, როგორც შემდეგ მითხრეს, ექიმი შემოვიდა და შარვლის ტოტები ამიწია, კუნთებზე ნემსები მიკეთა, არ ვიცი, რას ამოწმებდა, ალბათ მკვდარი ვიყავი, თუ ვსიმულიანტობიდი. მთელი ფეხები გაშავებული მქონდა“, – განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.