ალექსანდრე ლუკაშენკო - ჩვენს ფეხბურთში ქაოსია, საქართველოსთან მატჩი თქვენი გამოცდა იქნება
ალექსანდრე ლუკაშენკომ, მინსკში, სამთავრობო თათბირი ზაფხულის სპორტის სახეობების განვითარებას მიუძღვნა და ფეხბურთზეც ილაპარაკა. ამაში საინტერესო ისაა, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა საქართველოს ნაკრებთა მომავალი დაპირისპირება ახსენა.
ბელორუსის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი იური ვერგეიჩიკი მოხსენებით გამოვიდა, რომლის თქმითაც, ბოლოდროინდელი შედეგები სასიხარულო არაა.
„მაგრამ ჩვენ გვესმის, თუ ვითარების გამოსასწორებლად რა ზომები უნდა მივიღოთ” – განაცხადა ვეჯეიჩიკმა,
მის გამოსვლაზე ლუკაშენკოს მკვეთრი რეაქცია ჰქონდა: „ეს სწორია: მთავარი სიტყვა არის ქაოსი. ელემენტარული წესრიგი არაა. ფეხბურთის ფედერაცია, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული ნაკრებია. საქართველოსთან მატჩი თქვენი გამოცდა იქნება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჩვენთვის კონკურენტი არ არის“.
საქართველოს ნაკრებს ბელორუსი ფეხბურთელები, ერთა ლიგის „დ” დივიზიონის ნახევარფინალში ეთამაშებიან. მატჩი 2020 წლის მარტის ბოლოს თბილისში გაიმართება. მეორე ნახევარფინალში კი მაკედონია კოსოვოს უმასპინძლებს. ნახევარფინალში გამარჯვებულები შეხვდებიან ფინალში, სადაც 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთადერთი საგზური გათამაშდება. ბელარუსის ნაციონალურ საფეხბურთო გუნდს ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატზე აქამდე არ უთამაშია, რაც ლუკაშენკოს უკმაყოფილებას იწვევს.