ალექსანდრე ხვთისიაშვილი - საქართველო ვერ იქნება ჩართული იმ სამშვიდობო პლატფორმაში, სადაც ოკუპანტი ქვეყანა მონაწილეობს
საქართველო ვერ იქნება ჩართული იმ სამშვიდობო პლატფორმაში, სადაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყანა მონაწილეობს, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
საუბარია რუსულ მედიით გავრცელებულ სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „რუსეთი მიესალმება ირანის, თურქეთის, საქართველოსა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის მისწრაფებას, მონაწილეობა მიიღონ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენაში. უკვე ისმის ინიციატივები, რომ აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, რუსეთის, ირანისა და თურქეთის მონაწილეობით, ახალი რეალობის გათვალისწინებით, რეგიონში ურთიერთობის დამყარებას ცდილობენ“.
როგორც ამ განცხადების კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ვიდრე არ იქნება გადადგმული დეოკუპაციის კუთხით შესაბამისი ნაბიჯები, მსგავსი ინიციატივა ვერ იქნება პერსპექტიული.
„ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდგრადი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველო მხარს უჭერს იმ გრძელვადიან მიზნებს, რაც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოების, კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ამ თვალსაზრისით, სამშვიდობო პლატფორმები მეტად მნიშვნელოვანია და ჩვენს რეგიონში მსგავსი პლატფორმების ჩამოყალიბება, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის – საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის დიალოგისა და თანამშრომლობის გზით, რაც მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტებისა და თანამშრომლობის განვითარების საწინდარია.
მოგეხსენებათ, საქართველო აღნიშნული ინიციატივით გამოვიდა, როცა ადგილი ჰქონდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციას, ხოლო რაც შეეხება გუშინ გაჟღერებულ ფართო, რეგიონულ სამშვიდობო პლატფორმას, საქართველო ვერანაირად ვერ იქნება ჩართული იმ სამშვიდობო პლატფორმაში, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყანა. ჩვენი პოზიციაა, რომ ნებისმიერი თანამშრომლობის პლატფორმა უნდა ემყარებოდეს მონაწილე სახელმწიფოთა ურთიერთპატივისცემას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ვიდრე არ იქნება გადადგმული დეოკუპაციის კუთხით შესაბამისი ნაბიჯები, მსგავსი ინიციატივა ვერ იქნება პერსპექტიული“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.