ალექსანდრე ხვთისიაშვილი - საფრანგეთისა და თურქეთისგან გვაქვს სრული თანხმობა, რომ თუ უხანიდან თავიანთ მოქალაქეებს გამოიყვანენ, აუცილებლად წამოიყვანენ ჩვენს მოქალაქეებსაც
ალექსანდრე ხვთისიაშვილი - საფრანგეთისა და თურქეთისგან გვაქვს სრული თანხმობა, რომ თუ უხანიდან თავიანთ მოქალაქეებს გამოიყვანენ, აუცილებლად წამოიყვანენ ჩვენს მოქალაქეებსაც

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საელჩო მუდმივ  კონტაქტზეა საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც ჩინეთში იმყოფებიან.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც უხანიდან  საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღეს, პარტნიორებს დახმარებისთვის მიმართეს.

ხვთისიაშვილის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის თანხმობა არსებობს თურქეთის რესპუბლიკისგან და საფრანგეთისგან.

კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი და საფრანგეთი  უხანიდან თავიანთ მოქალაქეებს გამოიყვანენ,  დაეხმარებიან საქართველოს მოქალაქეებსაც.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანი ვაკვირდებოდით, როგორ ვითარდებოდა მდგომარეობა უხანში. ჩვენი საელჩო მუდმივად იყო კონტაქტზე საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, იმ ადამიანებთან, რომლებიც არიან რეგისტრირებული და რომელთა საკონტაქტო მონაცემებიც გვაქვს, რომ უბრალოდ მოგვეკითხა მათი ჯანმრთელობის მდგომარება. შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემუშავებულიყო მათი ამ ქალაქიდან ევაკუაციის გეგმა. მივმართეთ ჩვენს პარტნიორებს დახმარებისთვის. ამ მომენტისთვის გვაქვს თანხმობა თურქეთის რესპუბლიკისგან და საფრანგეთისგან. იმ შემთხვევაში, თუ ისინი განახორციელებენ თავიანთი მოქალაქეების გამოყვანას ამ რეგიონიდან, ამ ქალაქიდან, დაგვეხმარებიან, რომ ჩვენი მოქალაქეებიც გამოვიყვანოთ. დაგვეხმარებიან, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა კარანტინი გაიარონ იმ ქვეყნებში, სადაც ისინი გაატარებენ თავიანთ მოქალაქეებს. ჩვენი საელჩო მუდმივ კავშირზეა ამ ადამიანებთან, და იმ შემთხვევაში, თუკი მოხდა ევაკუაცია, ყველაფრისთვის მზად არის. საფრანგეთისა და თურქეთის რესპუბლიკებიდან გვაქვს აბსოლუტური თანხმობა, რომ თუ ისინი  ჩინეთიდან გამოიყვანენ თავიანთ მოქალაქეებს, აუცილებლად გამოიყვანენ ჩვენს მოქალაქეებსაც“ ,- განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

რაც შეეხება დანარჩენ ქართველებს, რომლებიც  ჩინეთში იმყოფებიან, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განმარტებით, რამდენიმე დღეა, საქართველოს საელჩო მათ უკავშირდება.

„ხდება ამ ადამიანებთან კომუნიკაცია და მათი გაფრთხილება, რომლებიც არიან რეგისტრაციაზე დამდგარი ჩვენს საელჩოში ან დარეკეს საქართველოს საელჩოში, თავისი თავის იდენტიფიცირება მოახდინეს. ხდება მათთან კომუნიკაცია და გაფრთხილება, რომ სულ უფრო მეტი ავიაკომპანია წყვეტს ჩინეთთან პირდაპირ მიმოსვლას და არ გამორჩეთ ეს სიახლე. თუ სურვილი ექნებათ, დაბრუნდნენ დროულად“ ,- განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.