ალექსანდრე იაშვილი - ნაკრების ახალ მწვრთნელს რამდენიმე კრიტერიუმით ვარჩევთ
ალექსანდრე იაშვილი - ნაკრების ახალ მწვრთნელს რამდენიმე კრიტერიუმით ვარჩევთ

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი პირველ არხთან აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს გარკვეული კრიტერიუმებით არჩევენ, თუმცა, ჯერ ეს პროცესი არ დასრულებულა.

„ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელი რა ფილოსოფიისა და რა სათამაშო სტილის მიმდევარია. ჩვენთვის ასევე მთავარია, რომ მას სანაკრებო გამოცდილება და წარმატება ჰქონდეს, რადგან სანაკრებო და საკლუბო სპეციფიკა ერთმანეთისგან განსხვავდება“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ალექსანდრე იაშვილი.

სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ნაკრების ახალი მწვრთნელის შერჩევისას აჩქარება არ სურთ.

„მნიშვნელოვანია არა ის, ერთი კვირით ადრე დაინიშნება მთავარი მწვრთნელი თუ გვიან, არამედ ის, რომ საქართველოს ნაკრებს ძლიერი მწვრთნელი ჰყავდეს, რომელიც დარწმუნებული იქნება მის წარმატებაში. მჯერა, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი მალე გვეყოლება. მაგრამ აჩქარება არ ღირს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება. ქართველი თუ უცხოელი? სიმართლე გითხრათ, არ გვითქვამს, რომ გინდა თუ არა ქართველი ან უცხოელი უნდა იყოს. მთავარია, იყოს მაღალი დონის სპეციალისტი, რომელიც ჩვენს ნაკრებს წარმატებას მოუტანს“, – აცხადებს იაშვილი.