ალექსანდრე გოგინავა - საქართველოში კორონავირუსის რეინფექციის შემთხვევა არ გვქონია
ალექსანდრე გოგინავა - საქართველოში კორონავირუსის რეინფექციის შემთხვევა არ გვქონია

საქართველოში რეინფექციის შემთხვევა არ გვქონია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმმა ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„ყველა პაციენტი ბინაზე სრულად განკურნებული გაეწერა. ისინი მონიტორინგის ქვეშ იმყოფებიან. მკურნალი ექიმების და ეპიდემიოლოგების მიერ ტარდება მათი სატელეფონო მეთვალყურეობა; ამ ადამიანებს არანაირი სიმპტომები არ აქვთ და მათი მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა გოგინავამ.

როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, მსოფლიოში რეინფექციის შემთხვევები იყო, მაგრამ მხოლოდ ერთეული შემთხვევები.

„გვაქვს მონაცემები, რომ ამ დაავადების საწინააღმდეგოდ ანტისხეულები გამომუშავდება. თუმცა, ჯერ უცნობია, ეს ანტისხეულები ორგანიზმში რა ხანგრძლივობით დარჩება და ადამიანს რეინფექციისგან რამდენი ხნის განმავლობაში დაიცავს. მოგეხსენებათ, სულ ოთხი თვეა, რაც ეს დაავადება არსებობს, ასეთი ინფორმაციის კარგად გაანალიზებას კი უფრო დიდი დრო სჭირდება, რომ ვნახოთ, რა ხანგრძლივობის იმუნიტეტს დატოვებს ახალი კორონავირუსული ინფექცია ადამიანებში“, – განაცხადა გოგინავამ.

ამ განცხადებით ალექსანდრე გოგინავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შესაძლებელია თუ არა უკვე გამოჯანრთელებული პაციენტების ხელახლა დაინფიცირება მოხდეს და რა ვადებშია ეს მოსალოდნელი.

შეკითხვაზე, ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად უნდა ველოდოთ თუ არა დაავადების გავრცელების დინამიკის შესუსტებას და მის ჩვეულებრივ სეზონურ ინფექციად ქცევას, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა, რომ ამ სურათს ჯერ არ უნდა ველოდოთ.

„ჯერ მაინც მოსალოდნელია, რომ ახალი შემთხვევების ზრდა იქნება. სპეციალისტებს უჭირთ ზუსტი პროგნოზის გაკეთება, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება და ზუსტად როდის იქნება პიკი. თუმცა, ვარაუდია, რომ დაავადების პიკი დაახლოებით, ორ-სამ კვირაში უნდა იყოს. ამ ორი-სამი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა თანდათან გაიზრდება. თუმცა, ჩვენი და ზოგადად, საზოგადოების როლია, ეს რაც შეიძლება შევაფერხოთ სოციალური დისტანცირებით, ჰიგიენური ნორმების დაცვით და იმ შემთხვევებზე დროული რეაგირებით, სადაც კლინიკური სურათი იქნება გამოხატული“, – განაცხადა გოგინავამ.

როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, მოწოდებული რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში საქართველო მოახერხებს, რომ არ გვქონდეს ისეთი მაღალი პიკი და გავრცელება, როგორც დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას აქვს.

„თუ ჩვენ იდეალურად დავიცავთ საყოველთაო კარანტინის წესებს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, არ მოხდეს შიდა გავრცელების ისეთი ზრდა, როგორიც სხვა ქვეყნებში იყო. ჯერ ჩვენი სტატისტიკა იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენთან გატარებული ღონისძიებები ამ ეტაპისთვის ეფექტურია. მთავარია, ეს ისევ გაგრძელდეს და შესაბამის გამოწვევებს შესაბამისად ვუპასუხოთ. მინდა, საზოგადოებას მოვუწოდო, რომ მათი როლი უდიდესია. ყველას ვთხოვ, დაიცვან ეს წესები, დარჩნენ სახლში და დაიცვან სპეციალისტების მიერ მოწოდებული რეკომენდაციები“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

დატოვე კომენტარი