ალექსანდრე გოგინავა - „პლაქვენილს“ აქვს საკმაოდ მყარი მტკიცებულებები, რის გამოც სამკურნალოდ გამოიყენებოდა არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც
ალექსანდრე გოგინავა - „პლაქვენილს“ აქვს საკმაოდ მყარი მტკიცებულებები, რის გამოც სამკურნალოდ გამოიყენებოდა არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც

პლაქვენილი სამკურნალოდ ეროვნული პროტოკოლის საფუძველზე გამოიყენებოდა და ასეც გრძელდება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმმა-ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

პლაქვენილი ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ კლინიკურად გამოხატული სურათი, აქვთ პნევმონია და დაავადების მძიმე მიმდინარეობა. ეს პროტოკოლი შექმნილია სხვადასხვა საერთაშორისო პროტოკოლისა და გაიდლაინის მიხედვით. თავის დროზე, როდესაც ეს პროტოკოლი შევქმენით, ვიხელმძღვანელეთ იგივე აშშ-ის, დასავლეთ ევროპის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების მაგალითებით და მათ მიერ შექმნილი გაიდლაინებით. რაც შეეხება შვეიცარიაში მიმდინარე კვლევას, ეს სულ სხვა რამ არის. აქ საუბარია სულ სხვა რამეზე, როდესაც კვლევა იწყება პროფილაქტიკასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გოგინავამ.

ამ განცხადებით ალექსანდრე გოგინავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ადასტურებს თუ არა შვეიცარიაში მიმდინარე კლინიკურ კვლევასთან დაკავშირებით დღეს მიღებული ინფორმაცია იმას, რომ საფუძველს იყო მოკლებული განცხადებები, რასაც უცხოეთში მყოფი ერთ-ერთი ქართველი ექიმი აკეთებდა, როდესაც საქართველოში „პლაქვენილით“ მკურნალობას და მის ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებდა და პირდაპირ ამბობდა, თითქოს, ქართველი ექიმები „პლაქვენილსუსიმპტომოებსაც უნიშნავდნენ.

როგორც გოგინავამ აღნიშნა, სერიოზული გვერდითი ეფექტი არ დაფიქსირებულა არც ერთ პაციენტთან, ვისთანაც „პლაქვენილით“ მკურნალობა ჩატარდა.

პლაქვენილთან მიმართებით არსებული აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია. არსად არის ნათქვამი, რომ „პლაქვენილი“ ერთმნიშვნელოვნად არის ანტივირუსული საშუალება, რომელიც დადასტურებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, კონკრეტულად კორონავირუსული ინფექციის სამკურნალოდ. უბრალოდ, სხვა პრეპარატებთან შედარებით, „პლაქვენილმა“ თავის დროზე კარგი შედეგები აჩვენა. უამრავი კვლევა ჩატარდა, როგორც ჩინეთში, ასევე იტალიაში და აშშ-ში. „პლაქვენილს“ აქვს საკმაოდ მყარი მტკიცებულებები, რის გამოც ის სამკურნალოდ გამოიყენებოდა არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც“, – განაცხადა გოგინავამ.

მისივე თქმით, ყველა პროტოკოლი და გაიდლაინი განახლებადია და თუ „პლაქვენილის“ საწინააღმდეგოდ ბევრი ინფორმაცია დაგროვდება, ან გამოჩნდება პრეპარატი, რომელიც უფრო ეფექტიანი იქნება, ყველანაირი პროტოკოლისა და გაიდლაინის გადახედვა არის შესაძლებელი.

შეკითხვაზე, ჩანს თუ არა უკვე ასეთი ალტერნატიული პრეპარატი, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით მსოფლიოში არანაირი ასეთი პრეპარატი არ არსებობს.

„ამიტომ, ჩვენ იმ გამოცდილებით, იმ კლინიკური შედეგებით, რაც ამ ეტაპზე გვაქვს და იმ ნაკლები გვერდითი ეფექტებით, რაც ჩვენს პაციენტებს განუვითარდათ, ძალიან თავისუფლად ვაგრძელებთ მკურნალობას იმ პროტოკოლებით, რაც ამ ეტაპზე გვაქვს, მაგრამ სამომავლოდ და ნებისმიერ დროს, უკეთესი პრეპარატების არსებობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეიძლება, მოხდეს გადახედვა. ეს ბუნებრივი პროცესია და ამას არავინ ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.