ალექსანდრე გოგინავა - კორონავირუსის შემთხვევების მატება საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო, თუ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, ნელ-ნელა ისევ წავა კლება
ალექსანდრე გოგინავა - კორონავირუსის შემთხვევების მატება საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო, თუ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, ნელ-ნელა ისევ წავა კლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატება საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო.

როგორც გოგინავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ყველა ახალ შემთხვევასთან მიმართებით ცნობილია ინფიცირების წყარო.

„ეს მატება საყურადღებოა, თუმცა არ არის შემაშფოთებელი, რადგან ძირითადად მატება მოხდა ცხელი ეპიდკერიდან, სადაც ჩატარდა მასობრივი კვლევა. დანარჩენი ნაწილი არის კარანტინიდან, ნაწილი ე.წ საბურთალოს კლასტერი. ყველა წყარო ცნობილია, ამიტომ ეს მატება არის საყურადღებო, მაგრამ არა საგანგაშო“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რეკომენდაციები რჩება იგივე.

„მოსახლეობას მინდა, მოვუწოდო, კორონავირუსული ინფექციაა არსად წასულა, ჩვენს გვერდით არის, შესაბამისად, უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება, უნდა ვიყოთ ყურადღებით; გავითვალისწინოთ დაავადებათა კონტროლის მიერ გაცემული რეკომენდაციები, როგორიცაა პირბადეების გამოყენება დახურულ სივრცეში, ხელების ხშირი დაბანა, დამუშავება ანტისეპტიკური საშუალებით; ფიზიკური დისტანცია. ყოველთვის უნდა გვქონდეს განცდა, რომ მართალია კორონავირუსულ ინფექციასთან მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ მთავარი, ომი ჯერ არ დასრულებულა. პანიკის საფუძველი რა თქმა უნდა არ გვაქვს, თუ არ მოხდება ახალი კლასტერების და დაუდგენელი პაციენტების გაჩენა. დიდი იმედია, ასე არ მოხდება. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს, ნელნელა კვლავ წავა კლება“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.