ალექსანდრე გიორგიძე - სფერო, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტის მთავარი შემომტანი იყო, ერთი წელია, გაჩერებულია, ჩვენ გვინდა კონკრეტული გეგმა
ალექსანდრე გიორგიძე - სფერო, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტის მთავარი შემომტანი იყო, ერთი წელია, გაჩერებულია, ჩვენ გვინდა კონკრეტული გეგმა

ჩვენ გვინდა კონკრეტული გეგმა და 48 საათში თუ არ იქნა რამე ნაბიჯი გადმოდგმული, იძულებულნი ვიქნებით, გადავიდეთ უფრო რადიკალურ ქმედებაზე კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ ტურიზმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, ალექსანდრე გიორგიძემ განაცხადა.

„საკითხი არის ძალიან მარტივი. სფერო, რომელიც არის ერთი წელი გაჩერებული და მთავარი შემომტანი იყო ქვეყნის ბიუჯეტის, დაახლოებით 25-27 პროცენტამდე ავსებდა ჩვენი ქვეყნის დოვლათს, ეს სფერო არის სრულიად გაჩერებული. ზარალი ძალიან მარტივად დათვლადია და ყველაზე ცუდი ის არის, რომ პერსპექტივაც არ ჩანს, როგორ გავიხსნებით. მე როგორც ვიცი, მარტი-აპრილამდე არანაირი გეგმის დადებას სახელმწიფო არ აპირებს. არსებობს ლოკალური გამოწვევები. ლოკალური გამოწვევებია ის, რაც არის ჩვენი მოთხოვნები, რომ გაიხსნას საზღვრები რეგულაციებით, მთის კურორტებს, რომლებიც მეორე წელია, გაჩერებულები არიან, შარშან წყლის პრობლემის გამო დიდი ზარალი მიიღეს, წელსაც იგივე მდგომარეობა გვაქვს“, – განაცხადა ალექსანდრე გიორგიძემ.

მისივე თქმით, მხოლოდ ნოემბერ-დეკემბერში დაახლოებით 1200 კომპანია გაკოტრდა, ხოლო 350 000-მდე ადამიანი, რომლებიც ტურიზმში იყვნენ დასაქმებული, უმუშევრად არიან დარჩენილი.

„მილიონზე მეტი ადამიანია ქვეყანაში შიმშილობის ზღვარზე და ამის ფონზე სახელმწიფო არ გვაძლევს გამომუშავების საშუალებას. უნდა გაიხსნას, სხვა გამოსავალი არ არის, თორემ ჩვენ გაზაფხული გვექნება ძალიან მძიმე და კიდევ რამდენიმე თვე რომ არ იმუშაოს სფერომ, ეს ნიშნავს დიდ სოციალურ აფეთქებას, აქამდე მივდივართ. აქ ვხედავ სხვადასხვა სფეროს ადამიანებს, რადგან ყველას მოშივდა. როდესაც ჩვენ ვხედავთ ერთ არგუმენტს, რომ კოვიდინფექციას ვუწევთ პრევენციას, ეს სასაცილოა“, – აღნიშნა ალექსანდრე გიორგიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებიან.

„ჩვენ არ გვჯერა არც ერთი სიტყვის. ეკონომიკის მინისტრმა ჯერ პირველი ივლისი თქვა, მერე აგვისტო, მერე სექტემბერი-ოქტომბერი, ბოლოს, ახლა არ ვიცით, არ გვჯერა არაფრის. ჩვენ გვინდა კონკრეტული გეგმა და 48 საათში თუ არ იქნა რამე ნაბიჯი გადმოდგმული, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, გადავიდეთ უფრო რადიკალურ ქმედებაზე კანონის ფარგლებში. იქნება პიკეტირებები უფრო მასშტაბური აქციები სხვა გამოსავალი არ გვრჩება“, – განაცხადა ალექსანდრე გიორგიძემ.